15 ივლისი, 2015

ბერი ანდრიას ფონდის შვილობილებისთვის ფოტო-გამოფენა მოეწყობა

1beri-andrias-fondiბერი ანდრიას ფონდის შვილობილებისთვის საქველმოქმედო ფოტო-გამოფენა გაიმართება. ბერი ანდრიას სახელობის ფონდი საქართველოში ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, რაც ძირითადად სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარებაში გამოიხატება. ფონდის დამფუძნებელები არიან სიმსივნით გარდაცვლილი 17 წლის ბერი ანდრიას მშობლები. ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის 29 ბავშვი, მათგან 10 კონტროლის, ხოლო 19 აქტიური ქიმიოთერაპიის კურსის ქვეშ იმყოფება.

17-18 ივლისს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ფოტოგრაფი გიორგი აბრამაშვილი წარმოადგენს 50 ფოტოს, რომლის მთავარი გმირები ბერი ანდრის ფონდის შვილობილები არიან. ფოტო არის მათი პორტრეტები ან ცხოვრებისეული კადრი.

პროექტის მთავარი მიზანია ბერი ანდრიას ფონდის შვილობილებისათვის საჭირო თანხების შეგროვება. გამოფენის მსვლელობისას საგამოფენო დარბაზში დაიდგმება შესაწირი ყუთები, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება გამოხატოს კეთილი ნება და გაიღოს შემოწირულობა აღნიშნული ბავშვების დასახმარებლად. გამოფენის მსვლელობისას საგამოფენო დარბაზში დაიდგმება ხელნაკეთი ნივთების სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება და გაიყიდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მარიამ ნარუაშვილის ნამუშევრები. მარიამ ნარუაშვილმა ნახა გამოფენის ანონსი და გამოთქვა სურვილი ამ სახით ჩართულიყო ქველმოქმედებაში.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ბერი ანდრიას ფონდის შვილობილებს. პროექტის დასრულების შემდეგ 50-ვე ფოტო გადაეცემა ფონდს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ პიანისტი რუსუდან ჩუნთიშვილი და მევიოლინე ანა ქამუშაძე. ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების განწყობაზე იზრუნებენ საბავშვო გასართობი ცენტრი „ნევერ ლენდი“-ის ანიმატორების ჯგუფი. ღონისძიების მეორე დღეს ფონდის პატარა შვილობილებს „ნევერ ლენდი“ თავისთან ცენტრში უმასპინძლებს და პატარებს დაუვიწყარ შოუს მოუწყობს. შოუს შემდეგ ბავშვებს გლდანის გასართობი პარკი ყველა ატრაქციოონით უფასოდ გაუმასპინძლდება.