5 ივნისი, 2015

თოჯინების თეატრს გრანპრი მიანიჭეს

1tojinebis-teatriიუნესკოს 70 წლის იუბილესადმი მიძღნვილ უნიმას საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე, რომელსაც ერევანმა უმასპინძლა, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა გრანპრი მოიპოვა.

“ეს დღე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრმა ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” ითამაშა.

მაყურებელმა სპექტაკლი ძალიან კარგად მიიღო, ყველას ეცინებოდა პატარა ქეთოს ოინებზე, ნერვიულობდნენ, როდესაც მას ლეკები იტაცებდნენ. ემოციური იყო პატარა ქეთოს დიდ ქეთოდ გარდასახვა, რასაც მაყურებელი აპლოდისმენტებით შეხვდა.

წარმოდგენის შემდეგ როგორც რიგითი მაყურებელი, ასევე ფესტივალის მონაწილე სხვადასხვა თოჯინების თეატრების წარმომადგენლებიც ვერ იკავებდნენ ცრემლებს და გვილოცავდნენ წარმატებას.

წარმოდგენის დასასრულს, თბილისის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს გრან-პრი და დიპლომი გადაეცა.

ამ დღეს ჩვენ დავტოვეთ ერევანი. უკან გამოვიარეთ მკვდრეთით აღმდგარი სპიტაკი, ყვითელი ყვავილებით აჭრელებული მწვანე ველები და ჯილდოთი ხელდამშვენებულები დავბრუნდით საქართველოში.

წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. და მართლაც, ვის შეუძლია მშვიდობასა და საყოველთაო სიკეთეზე საუბარი თოჯინებზე უკეთ?” – ნათქვამია თოჯინების თეატრის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.