3 ივნისი, 2015

თბილისში თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიური ფესტივალი ჩატარდება

1cekva3 ივნისს თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი გაიხსნება. მოძრაობის თეატრში შვეიცარიელი ქორეოგრაფები ნიკოლა კანტიონი და ლოლა კერვროდანი მასტერკლასს ჩაატარებენ თანამედროვე ქორეოგრაფიის თემაზე.

4 ივნისს ფესტივალი რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც წარმოდგენილი იქნება “ნილოსი” ლორან იადისა და ნიკოლა კანტიონის დასის შესრულებით, (ჟენევა, შვეიცარია). 5 ივნისს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა სამხრეთ-კავკასიელი ქორეოგრაფების წარმოდგენებს დაეთმობა. 6 ივნისს ამავე სცენაზე მოსკოვის მოდერნ ბალეტის ბელორუსული ჯგუფის „SKVO“ და ქართველი ქორეოგრაფების წარმოდგენების ნახვა იქნება შესაძლებელი. 7 ივნისს კი საფესტივალო პროგრამაშია პოლონელი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ავრორა ლუბოსის პერფორმანსი “მოქმედებები”.

6-7 ივნისს ფესტივალის ეგიდით ჩატარდება მასტერკლასი თანამედროვე ქორეოგრაფიაში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის, პროექტი ხორციელდება “სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის” ფარგლებში.

თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიური ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა სამი წლის წინ გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება. ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “პლატფორმა ცვლილებებისთვის”, რომლის მიზანიცაა დიალოგისა და ინტერაქციის გაღრმავება, კულტურის როლის, როგორც სოციალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ორ ძირითად მიმართულებას: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში დადგმების განსახორციელებლად, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს.