23 ივნისი, 2015

ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრს ვარსკვლავს აღარ გაუხსნიან

1varskvlavi23 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ და მისი არსებობის 80 წლის იუბილე უნდა ეზეიმათ, თუმცა როგორც გაირკვა, არც ვარსკვლავი გაიხსნება და არც საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

ამ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საიუბილეო ღონისძიება რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი და მას საზეიმო ელფერი დაკრავდა, თუმცა თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, საზეიმო საღამო საქველმოქმედო ღონისძიებად აქცია.

23 ივნისის საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი და ავტორი ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი გაერთიანება „ილიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ორჯონიკიძეა. საღამოს მომღერალი ირმა სოხაძე გაუძღვება. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, ჯანო ბაგრატიონი, ირმა სოხაძე, დემურ ცქიტიშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, თეკლა კალმახელიძე, ელენე ორჯონიკიძე, ვერიკო მაცაბერიძე, თემურ საჯაია, გიორგი ჩიქოვანი, სერგო გოცირიძე. კონცერტზე ასევე შედგება პოეტ რეზო სტურუას ლექსზე „ნეტავ ახლა სადა ხარ“ ჯემალ სეფიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერის პრემიერა, რომელსაც მუსიკის ავტორი შეასრულებს.

თამაზ ორჯონიკიძე:

– მშვიდობიანად დაღამებული 13 ივნისი 14 ივნისის გამთენიამ შემოსა ძაძით… ამ დღემ ათობით ადამიანის სიცოცხლე წაიღო! ეს ის დღეა, რომელმაც სიცოცხლის, ერთიანობის ფასი სიკვდილზე გავლით გაგვაგებინა… სტიქია მძვინვარებდა და ასობით ადამიანი შიშველი ხელებით იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად… ასობით ახალგაზრდა ხელიხელჩაჭიდებული ებრძოდა სიკვდილს… და ეს, მაშველის ხელები არ მოგვიშალოს ღმერთმა! და ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით, რომელებიც სტიქიას ვაჟკაცური, ქართული გულით შეებრძოლნენ. დღე და ღამე გააერთიანეს და გაჭირვებაში არ მიატოვეს მოვარდნილ წყალს შემთხვევით გადარჩენილი თანატოლები თუ უფროსები. რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ? საქმე ისაა, რომ 2015 წელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო წელია. 23 ივნისს თბილისის ალექსი მაჭავარიანის საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო საიუბილეო კონცერტი, უნდა გახსნილიყო ვარსკვლავი და ზეიმით უნდა აღგვენიშნა ეს, ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის ძალიან მნიშვნერლოვანი თარიღი, მაგრამ დატრიალდა ტრაგედია. ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 23 ივნისს ჩაატაროს საქველმოქმედო კონცერტი-აქცია. ჩვენ არ გავხსნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრის ვარსკვლავს ფილარმონიასთან, მაგრამ ჩვენ ჩავატარებთ აქციას და შემოსულ თანხას სრულიად გადავრიცხავთ დაზარალებულთა დახმარების ფონდში. აქვე აღვნიშნავთ, რომ წლევანდელი წელი არის უნივერსიტეტის ორკესტრის საიუბილეო წელი და ყველა კონცერტი რაც გაიმართება იუბილეს ფორმატში იქნება საქველმოქმედო.