15 ივნისი, 2015

შალვა დავითაშვილს მემორიალური დაფა გაუხსნეს

1davitashviliკომპოზიტორ შალვა დავითაშვილს თელავის პირველი საჯარო სკოლის ფასადზე მემორიალური დაფა გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა სწორედ პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა.

მემორიალი თელავის საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და კომპოზიტორის შვილმა ვიქტორია დავითაშვილმა გახსნეს.

– ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემს მისმა მშობლიურმა ქალაქ თელავმა ასეთი დიდი პატივი სცა. თელავის პირველი საჯარო სკოლის ფასადზე გაიხსნა მისი მემორიალური დაფა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თელავში ჩამობრძანებულ მამას უახლოეს მეგობრებს ვაჟა აზარაშვილს, კახა ცაბაძეს, გივი მუნჯიშვილს, ჩვენს უსაყვარლეს მომღერლებს ქალბატონებს მზია დავითაშვილს, ლიანა კალმახელიძეს, კონცერტმეისტერ დარეჯან მახაშვილს, ბატონ ელდარ გეწაძეს, უსაყვარლეს გივი სიხარულიძეს და ყველა მობრძანებულ სტუმარს. დარწმუნებული ვარ, მამას სული იქ ტრიალებდა, ხარობდა და თითოეულ ჩვენთაგანზე ზეციური სამშობლოდან ლოცულობდა, – განაცხადა ვიქტორია დავითაშვილმა.

მემორიალის გახსნას ადგილობრივები და თბილისიდან ჩასული სტუმრები ესწრებოდნენ. თელავში ჩავიდნენ კომპოზიტორის მეგობრები და კოლეგები, კახა ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი, გივი სიხარულიძე, ელდარ გეწაძე, გივი მუნჯიშვილი.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში კლასიკური კონცერტი ჩატარდა, სადაც კომპოზიტორის ნაწარმოებები გაჟღერდა.