1 ივნისი, 2015

,,რუსთავი” ,,იავნანას” ეხმარება

1iavnana2001 წლის 18 მაისს იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერა კაცობრიობის სულიერი კულტურის ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად აღიარა.

“ჩემი უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი მუსიკალური შთაბეჭდილება, ქართული ხალხური სიმღერებია,” – ამბობს იგორ სტრავინსკი.

2 ივნისს ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”. შემოსული თანხით ფონდი საკუთარ სახლს შეუძენს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს.

საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” საქართველოში მოღვაწე სხვა კოლექტივებთან ერთად სათუთად ინახავს და ავითარებს ხალხური შემოქმედების ტრადიციას. ის აგრეთვე, ეწევა ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას: აღადგენს მივიწყებულ ძველ ხალხურ სიმღერებს, იწერს მათ კომპაქტურ დისკებზე, მართავს კონცერტებს, მონაწილეობს ფესტივალებში, რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, იღებს და ახმოვანებს კინოფილმებს, ბევრს მოგზაურობს უცხოეთში და ქართულ ფოლკლორს აცნობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას.
“რუსთავი” 1968 წელს შეიქმნა. თავისი არსებობის მანძილზე ანსამბლმა 4000-მდე კონცერტი გამართა, წარმატებით მოიარა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა, გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა პარიზის “ოლიმპია”, “მოგადორი” და “ფლეიერის თეატრი”, ლონდონის “ალბერტ ჰოლი”, მოსკოვის დიდი თეატრი, სანკტ-პეტერბურგის, ვენის, ამსტერდამის, ნიუ-იორკის, ტოკიოს, ქაიროს, რომის, შანხაის, ბერლინის და მსოფლიოს სხვა ქალაქების დიდი საკონცერტო დარბაზები ოვაციებით აჯილდოვებდნენ “რუსთავის” საშემსრულებლო ხელოვნებას.

ანსამბლს სხვადასხვა დროს ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით ჩაწერილი და გამოშვებული აქვს 700-მდე ქართული ხალხური სიმღერა-საგალობელი და მათი განსხვავებული ვარიანტები. მათგან 318 სიმღერა იაპონურმა ფირმამ “SONY” ჩაწერა.

”იავნანას” დასახმარებლად დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10-75 ლარია.