25 ივნისი, 2015

რეზო თაბუკაშვილს ხარაგაულში ბიუსტი გაუხსნეს

1rezoმწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს რეზო თაბუკაშვილს მშობლიურ ხარაგაულში ბიუსტი გაუხსნეს.

ამ ქალაქში მისივე სახელობის სახალხო თეატრის 20 წლის იუბილეც აღინიშნა. ხარაგაულის თეატრში რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი გაიმართა, რომელსაც მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეატრის შენობის წინ კი ქართველი დოკუმენტალისტისა და საზოგადო მოღვაწის ბიუსტი გაიხსნა.

რეზო თაბუკაშვილის პიესები ქართული თეატრების სცენებზე იდგმებოდა. მისი სცენარებით კი არაერთი ცნობილი ქართული ფილმია გადაღებული. სწორედ რეზო თაბუკაშვილის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით დაუბრუნდა საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა წიგნთსაცავებში და არქივებში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები და ფოტომასალები.

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში მან დაიწყო დოკუმენტური ფილმების გადაღება. რეზო თაბუკაშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.