25 ივნისი, 2015

რაზე ამბობს უარს ირაკლი კახიძე?

1kaxidzeქართველი ტენორი ირაკლი კახიძე ევროპაში წარმატებით მოღვაწეობს. საოპერო მომღერალი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებულია. მან ორი წელი ისწავლა მარსელში კნიპალის ნაციონალურ ცენტრში არტისტებისთვის. ირაკლის ბიოგრაფია საკმაოდ ვრცელია და დატვირთულია მსოფლიოს ცნობილი ქალაქების საოპერო თეატრებში ჩატარებული კონცერტებით, სადაც ქართველ მომღერალს პარტნიორობას წამყვანი საოპერო ვარსკვლავები უწევდნენ. ღირსების ორდენოსანი საოპერო მომღერალი ამ ზაფხულს საპატიო ბათუმლობაზეა წარდგენილი.

ირაკლი კახიძე:

– წარმოიდგინეთ ვინ დამაყენებდა თამარ ივერის, გიორგი გაგნიძის, ლადო ათანელის, ნანა მირიანის და სხვების გვერდით ადრე. ოპერაში ესტრადიდან მოვხვდი სრულიად შემთხვევით. 1996 წელს საესტრადო კონკურსი მოვიგე ბათუმში, მზია კვირიკაშვილმა ჩაატარა და საესტრადოზე ჩასაბარებლად მივედი. იქ დიდი კონკურსი იყო და იადონ მახარაძემ, შესანიშნავმა ბარიტონმა გადამაფიქრებინა. მან მირჩია, რომ ვოკალურზე თუ ჩავაბარებდი, ყველა ჟანრს ვიმღერებდი, მეც დავუჯერე და ასე მოვხვდი ტექნიკუმში მურმან მახარაძესთან, როგორც ბარიტონი. ამის შემდგომ მუშაობის შედეგად გადამიყვანა მურმანმა ტენორზე, კონსერვატორიაში უკვე მარინა ჯახუტაშვილთან ვსწავლობდი და დავამთავრე კიდევაც მასთან. პარალელურად ალეკო ხომერიკთან ვმეცადინეობდი, მაღალი რეგისტრის დახვეწაში დამეხმარა, თამაზ ცერიაშვილთანაც საოპერო კლასში ვისწავლე, მერე იყო პრემიერები, წინსვლები და სტაჟირება აჭარის მთავრობის დაფინანსებით საფრანგეთში, მარსელში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და 2 აგენტიც მყავს დღესდღეობით ამის წყალობით.

– უცხოეთში სწავლისას ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რამ ან ვინ მოახდინა?

– უცხოეთში რაც მაკვირვებდა და კარგად ვისწავლე, ეს არის რეჟიმი, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.

– როგორია ტენორის ცხოვრების რეჟიმი?

– რეჟიმი ჩვეულებრივი, მთავარია, კარგად მეძინოს.

– ყველაზე მეტად რაზე გიჭირთ უარის თქმა?

– ყველაზე მეტად მიჭირს უარის თქმა კარგ კვებაზე, რადგანაც ხშირად ვდიეტობ, მაგრამ 3 დღე და უკვე კარგად ვარ.

– რომ არა ოპერის მომღერალი, ვინ იქნებოდით?

– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.

– ალბათ რთულია გამორჩევა, მაგრამ იქნებ გვითხრათ, თქვენთვის ყველაზე საყვარელი საოპერო მომღერალი?

– Giuseppe di stefano და maria calasi.

– ვინმეს გავლენა თუ გიგრძვნიათ?

– გავლენა არ ვიცი. ალბათ მეუღლის გავლენა მაქვს, რადგანაც მიფრთხილდება სულ და მის გამო ბევრ რამეზე უარს ვამბობ. საბოლოოდ ეს მაინც ჩემთვისაა კარგი, რადგანაც მას კარგი უნდა და ამიტომაც სულ ცდილობს მაკონტროლოს.

– რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი პარტია?

– ყველა მიყვარს, რასაც ვმღერი.

– ყველაზე რთულად შესასრულებლად რომელი არია მიგაჩნიათ?

– ყველას თავისი სირთულე აქვს.

– გიყვართ მიძღვნები?

– კი. ხშირად მეუღლეს ვუძღვნი ხოლმე არიებს თუ სიმღერებს.

– ოდესმე გიგრძვნიათ, რომ თქვენი შურთ?

– არა, შური არა მაგრამ, საშუალო მომღერალი რომ არა ვარ, ეს ყველას არ მოსწონს.

– რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ წარმატებად საკუთარ ცხოვრებაში?

– ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა ჩემთვის ჩემი ოჯახია, მეუღლე, ჩემი და, დედა და ჩემი 4 შვილი.

– როგორია თქვენი უახლოესი საგასტროლო გრაფიკი?

– საგასტროლო გრაფიკი დატვირთულია, გეგმები კი დიდია. ახლა ნორვეგიაში მივდივარ 5 კარმენი მაქვს, სადაც 2012 წელს ვიმღერე ტრავიატაში. ამ 2 კვირის წინ ფესტივალი მქონდა საფრანგეთში დომინგოს კონკურსის 2014 წლის ლაურეატთან ერთად, ბრწყინვალე სოპრანო ანაის კონსტანსთან ერთად. თამარ ივერის დახმარებით კარგ სააგენტოში მოვხვდი, მან დაარწმუნა არტპალასი, რომ დავეფინანსებინე და ორივეს დიდი მადლობა. ყველაფერს ვერ ვიტყვი, რადგანაც ავსტრიაში კარგი რამეები მელოდება. ვნახოთ, ვიმედოვნებ, მალე კარგი ამბებით გაგახარებთ.