25 ივნისი, 2015

რა ელის ბაგრატის ტაძარს?

1bagrati30 ივნისს გერმანიის ქალაქ ბონში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესია გაიმართება. კომიტეტზე განსახილველ 100-ზე მეტ საკითხთან ერთად, საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშების – მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის საკითხსაც განიხილავენ.

სესიას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება, თუმცა მანამდე მან საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა.

იუნესკოს რეკომენდაციით, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს წარუდგინა გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედერო ტაძრის საზღვრების მოდიფიცირების დოკუმენტი. დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმის დოკუმენტზე და მიმდინარეობს გელათის კონსერვაციის გეგემის განახლება, რომლის ფარგლებში 2008 წლიდან ხორციელდება გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციის – იკომოსის მიერ დადებითად არის შეფასებული.

საქართველო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან და წარმატებით ასრულებს ყველა რეკომენდაციას. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და სხვა სამთავრობო და თვითმმართველი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, ქართული მხარე საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ძეგლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით და კოორდინაციით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს და ხაზს უსვამს მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული და ბუნებრივი ძეგლების დაცვისა და განვითარების სფეროში ქვეყნის დამოკიდებულებას.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიის ფარგლებში, ბონში გაიმართება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის პერიოდული ანგარიშგების მეორე ციკლის დასრულების საზეიმო ღონისძიება, რომლის მასპინძელი საქართველო იქნება.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე წარმომადგენლისთვის იუნესკოში ქართული მიღება – ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, უშუალოდ დააგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, რომლის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მე-8 სესიაზე მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.