3 ივნისი, 2015

ფიროსმანის ნახატები ბათუმში გამოიფინება

1Pirosmaniფიროსმანის მოგზაურობა საქართველოში გრძელდება. პროცესი ყველა წესის გათვალისწინებით – რესტავრატორისა და დაცვის სამსახურების გამკაცრებული ზედამხედველობით ხორციელდება.

თბილისის, ქუთაისისა და წინანდლის შემდეგ, მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში 5 ივნისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.

წინანდალში ფიროსმანის გამოფენა გუშინ დასრულდა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზემში გასული ერთი თვის განმავლობაში მირზაანის კოლექცია 9 743 ვიზიტორმა მოინახულა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი პროგრამა „მუზეუმის კოლექციიდან“, რომელიც ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში დაცული ნამუშევრების პოპულარიზაციას და ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ფიროსმანთან დაახლოებას გულისხმობს, მოსალოდნელზე მეტი შედეგი გამოიღო – ფიროსმანის კოლექცია გასული სამი თვის განმავლობაში ათი ათასობით ადამიანმა მოინახულა.

ქუთაისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში ორი კვირის განმავლობაში გამოფენილი ფიროსმანის სანახავად მუზეუმში იმაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა ვიდერე მთელი გასული წლის განმავლობაში, წინანდალში კი ფიროსმანის სანახავად, გასულ მაისის თვეში დამთვალიერებლთა ოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე 2014 წლის მაისის თვეში.