11 ივნისი, 2015

კრაკოვში თბილისის დღეები ჩატარდება

1krakov12-14 ივნისს თბილისის დაძმობილებულ ქალაქ კრაკოვში (პოლონეთი) „თბილისის დღეები“ გაიმართება.

მსგავს ღონისძიებას რამოდენიმე წლის წინ უკვე უმასპინძლა კრაკოვმა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ქართული კულტურა და საპასუხოდ პოლონელ ხელოვანებიც მიიღეს თბილისში.

ამჯერად „თბილისის დღეები“ პოლონური მხარის ინიციატივით დაიგეგმა და 12 ივნისს, თანამედროვე ქართული საბალეტო წარმოდგენის „ჰარირა“ ჩვენებით გაიხსნება, რომლის ქორეოგრაფიც მარიამ ალექსიძეა.

წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, კრაკოვის მთავარ მოედანზე.

აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ქართულ-პოლონური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.