18 ივნისი, 2015

ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავი დაზარალებულებს დაეხმარება

1jazi ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავი და კომპოზიტორი ტიგრან ჰამასიანი თბილისში პირველად ჩამოვიდა. 18 ივნისს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატირიის დიდ დარბაზში გაიმართება მისი კონცერტი, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს ერევნის სახელმწიფო კამერული გუნდი.

ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. თავდაპირველად, თანხის გადარიცხვა სტუდენტ-მუსიკოსთა სჭიროებებისთვის იგეგმებოდა, მაგრამ დღევანდელი პრიორიტეტების გათვალისწინებით, შეიცვალა დანიშნულება.

საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით „Luys I Luso“ (სინათლე სინათლისთვის) არის უნიკალური პროექტი, რომელიც ტიგრან ჰამასიანმა სპეციალურად შექმნა ფორტეპიანოსა და გუნდისთვის, გუნდის ხელმძღვანელი ჰარუთიუნ თოფიკიანი.

პროგრამაშია მესპოფ მაშტოცის, გრიგორ ნარეკაცის, კომიტასის და სხვების მიერ დაწერილი V-XX საუკუნეების სომხური სასულიერო მუსიკა ახლებური ჯაზური ინტერპრეტაციით. პროექტი დაიწყო 2015 წლის 24 მარტს ერევანში და მსოფლიო ტურნე მოიცავს 100-ზე მეტ სომხურ ეკლესიას 12 ქვეყანაში, მათ შორის საქართვერლოში, თურქეთში, ლიბანში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ა.შ. საქართველოში კონცეტები ჩატარდება სურბ ეჩმიაძინის სომხურ ეკლესიაში და კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

ტიგრან ჰამასიანი 28 წლისაა. მისი ოჯახი 12 წელია ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. პიანისტი სამი წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე. 11 წლიდან კი მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ჯაზ-კონცერტებსა და ფესტივალებში. 18 წლის ასაკში ჩაწერა პირველი ალბომი. გავლენიანმა გაზეთმა „The Guardian“ მას მსოფლიოს ყველაზე ვნებიანი ჯაზ-პიანისტი უწოდა. მის შესრულებაში შერწყმულია კლასიკური ჯაზი და სომხური ფოლკი, დაბსტეპი და თანამედროვე ელექტრონული მუსიკა.