12 ივნისი, 2015

გურამ დოჩანაშვილს ბათუმში ელოდებიან

1guram„შეხვედრის საბა-ბი“ – ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. ეს პრემია „საბას“ ახალი საგანმანათლებლო აქციააა, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან, ამავე რეგიონის სოფლის სკოლებს კი საჩუქრად „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს გადასცემენ.

ამ აქციის ფარგლებში 76 წლის ქართველი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი ბათუმს ეწვევა და 14 ივნისს თავის მკითხველს „თიბისი გალერეაში“ შეხვდება.

ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ავტორი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე, ახალ წიგნებზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს… საღამოს ასევე პრემია „საბას“ ლაურეატები რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვებიან.

15 ივნისს კი გურამ დოჩანაშვილი აჭარაში სოფელ გორგაძეების და სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლებს ეწვევა. პრემია „საბას“ ლაურეატები ამ სოფლის ბავშვებს საჩუქრად გადასცემენ „საბას“ ელექტრონული სახლის ბიბლიოთეკებს – სპეციალურ სამკითხველო კუთხეს, ლეპტოპითა და შიგ ჩატვირთული 600-მდე წიგნით. აქციის მხარდამჭერები არიან წამყვანი ქართული გამომცემლობები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, სიესტა, ინტელექტი, არტანუჯი, პალიტრა ელი, საუნჯე, რომელთაც უსასყიდლოდ გასცეს წიგნები სოფლის სკოლების ელექტრონული ბიბლიოთეკისთვის.

ქართლისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ, აჭარა მეოთხე რეგიონია, სადაც პრემია „საბა“ შეხვედრებს მართავს და საჯარო სკოლებს ბიბლიოთეკით ასაჩუქრებს.