8 ივნისი, 2015

გოჩა აბულაძე: ,,მინდა ავისრულო ეს ოცნება!”

1ggoochaქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის და მისი ძმა უჩა მისი უდიდებულესობა კლასიკური მუსიკის მსახურები არიან.

ამჟამად გოჩა გერმანიაში იმყოფება, ვერდის “ბალმასკარადის” პრემიერისთვის ემზადება, სადაც რენატოს პარტია უნდა შეასრულოს. “არტინფო” მას სწორედ გერმანიაში დაუკავშირდა:

– პირველ რიგში, გვიამბეთ იმ სპექტაკლზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით იმღერეთ.

– პირველ რიგში, მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ შეხმიანებისთვის. ეხლახანს ჩამოვედი გერმანიაში, სადაც უკვე ორი წელია ვმუშაობ, ვიმყოფებოდი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, სადაც ვიმღერე ჯამბაზები(სამი სპექტაკლი ტონიოს პარტია). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპექტაკლი დადგა უდიდესმა სოპრანომ ინვა მულამ და ასევე შეასრულა ნედას პარტია. ქართველი მსმენელისთვის ალბათ უფრო მარტივად მისახვედრი იქნება ეს სახელი და გვარი, თუ გეტყვით რომ ინვა მულა ახმოვანებს მეხუთე ელემენტში სოპრანოს პარტიას. ენით ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს, რაც მასთან ერთად სცენაზე განვიცადე. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და იმედი მაქვს, რომ კიდევ მომიწევს მასთან სიმღერა, რისი დიდი სურვილიც აქვს თავადაც. ასევე მინდა ავღნიშნო, ძალიან ცნობილი იტალიელი ტენორი ვალტერ ფრაკარო. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაში გავიტანე ჩემი სამშობლოს სახელი და პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა!

– რა გზა გაიარეთ დღემდე?

– მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან ვმღეროდით დედასთან ერთად, ასე რომ, გზის არჩევის დროს დიდად არ გვიყოყმანია, მეტიც სხვა გზა არც ჩანდა ჰორიზონტზე სიმღერის გარდა. დავამთავრეთ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ტექნიკუმი ლ. ლომაკინას ხელმძღვანელობით. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს პირველ მუსიკალურს მივულოცავ საიუბილეო თარიღს, რომელსაც სწორედ ეხლა აღნიშნავენ. შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში ჩავირიცხეთ უდიდესი მაესტროს ნოდარ ანდღულაძის კლასში, სწორედ მაესტროსთან მოხდა ჩვენი გარდატეხა, დღესაც მახსოვს მისი რჩევები და, მიუხედავად იმისა, რომ ის 2 წელია აღარ გვყავს, მე მთელი სიცოცხლე გავითვალისწინებ მის რჩევებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის.

რა თქმა უნდა, იტალიაში გატარებული სამი წელი იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ჩემს ცხოვრებაში. იქაური ენერგია, აურა და ჰაერიც კი სხვანაირად აისახება ოპერის მომღერალზე. არასოდეს დამავიწყდება ის სიხარული, როცა ჩემი დებიუტის (ტრავიატა, ჟერმონის პარტია) შემდეგ ფერარას კომუნალეს თეატრში, დაიბეჭდა სტატია სათაურით “დაიბადა ახალი ვერდის ბარიტონი, მას გოჩა აბულაძე ჰქვია!” ამ სპექტაკლის შემდეგ ვთანამშრომლობ იტალიურ ძალიან ცნობილ სააგენტოსთან, ასე რომ, ჩემი დებიუტი იღბლიანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

– არის თუ არა საოპერო მომღერლის წარმატება დამოკიდებული პარტნიორზე, თუ მხოლოდ მისი ნიჭიერებაც საკმარისია?

– პარტნიორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სცენაზე, კარგ პარტნიორთან სიმღერა დიდი ბედნიერებაა.

– დღეს ბევრი ქართველი საოპერო მომღერალი დიდი წარმატებით იპყრობს მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებს. რაშია წარმატების საიდუმლო?

– დღეს მართლაც აღმავლობის ხანა უდგას ქართულ საოპერო ხელოვნებას, ეს საოცარებაა ნამდვილად, ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი ვარსკვლავი ჰყავდეს მსოფლიოს. თუნდაც გუშინდელ პრემიერას გადავხედოთ ლა სკალაში – სამი ქართველი მომღერალი მღეროდა კარმენში. ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩემთვის დიდი სტიმულია ყველა ქართველის წარმატება, მე ეხლა ვიწყებ კარიერას და ვიცი, მათ რა რთული გზა გაიარეს. 2 თვის წინ ვიყავი ზალცბურგში და მოვისმინე ვერდის რექვიემი, სადაც მღეროდა ანიტა რაჭველიშვილი იონას კაუფმანთან ერთად. რა გითხრათ, ესეთი საოცრება იშვიათად მინახავს, ანიტა მსოფლიოს ქართული მარგალიტია ნამდვილად!

ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, რომ ჩვენი საოცარი სიმღერის საიდუმლო ჩვენი მრავალფეროვანი და უმდიდრესი ფოლკლორია, ასევე ის სულიერება, რომელიც ქართველ კაცს გამოარჩევს ჯერ კიდევ ევროპელისგან. საოცრად ნიჭიერი ერი ვართ, ცოტანი ვართ და მინდა უფრო მეტად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებებით.

– ვიდეო, სადაც “საქართველოო ლამაზოს” ასრულებთ, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ელოდით რომ ასე აიტაცებდა მსმენელი?

– ვიდეო, რომელიც ასე ძალიან შეიყვარა ქართველმა ხალხმა, მონატრებულ მეგობრებთან ვიმღერეთ. ახალი ჩამოსული ვიყავი და ძალიან ვიყავი მოწყურებული ჩემს ძმასთან სიმღერას. გულრწფელად ვიმღერეთ, სიხარულის ცრემლებამდე და ოპერატორმა ძალიან საჭირო დროს იმარჯვა… მართალი გითხრათ, არც ვიცოდი თუ იღებდნენ, ეს იყო დ ეს.

– ვიცი არ გიყვართ ეს კითხვა საოპერო მომღერლებს, მაგრამ იქნებ მაინც მითხრათ რომელია თქვენი საყვარელი პარტია? რომელი პერსონაჟია თქვენს პიროვნებასთან ყველაზე ახლოს?

– ჩემი საყვარელი პარტია რიგოლეტოა, ოცნებაა ჩემი და მინდა ავისრულო ეს ოცნება, თუმცა მაესტროს დარიგებებს თუ მოვიშველიებ, 37 წლამდე არ უნდა ვიმღერო, ჯერ 29 წლის ვარ და 8 წელი მოთმინებითა ჩემითა უნდა ჩამოვყარო ყურები ჩემი.

რაც შეეხება პერსონაჟს, პარტიებიდან რომელიც მიმღერია, ჟერმონთან ახლოს ვარ ძალიან, თუმცა მამა არ ვარ ჯერ და როცა ვიქნები, დარწმუნებული ვარ უფრო დაუახლოვდები ამ საოცარ გმირს!

– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, მეტიც სადაც ვარ და სადაც ვიქნები მხოლოდ ქართულ საქმეს ვემსახურებით, მეც და ჩემი მეგობრებიც. სახლში ყოფნას არაფერი მირჩევნია, სიგიჟემდე მენატრება დედა, მამა, ძმა, ეფემია ჩემი პატარა ძმისშვილი, მაგრამ ვერ ჩამოვდივარ. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნები, მთავარია შენს ქვეყანას ემსახურო პატიოსნად და გულიანად, ადამიანი იყო და ქართველიც ამავდროულად, რაც პირდაპირ კავშირშია კარგ სიმღერასთან.

– დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.

– ეხლა გერმანიაში ვარ და ვემზადები ჩემი კიდევ ერთი დებიუტისთვის, ჯუზეპე ვერდის ბალმასკარადში ვიმღერებ რენატოს პარტიას! პრემიერა შედგება 17 სექტემბერს მაგდებურგის თეატრში. ყოველ დღე ველი სიახლეებს და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად შევძლებ ჩემი საქართველოს გახარებას! სანამ პირში სული მიდგას დავიხარჯები ბოლომდე ჩემი ხალხის და სამშობლოს გასახარად! მიყვარხართ ყველანი. პატივისცემით, გოჩა აბულაძე.