24 ივნისი, 2015

გიორგი პაპკიაურის გამოფენა ჩაიშალა

1papkiauri– გამოფენა ჩაშლილია! – ეს განცხადება ახალგაზრდა მხატვარმა და მომღერალმა გიორგი პაპკიაურმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

“როგორც იცით, 23 ივნისს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა და ჩატარდა ჩემი პერსონალური განოფენის პირველი დღე, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა 13 ივნისის სტიქიით თბილისში დაზარალებულ ადამიანთა დასახმარებელად.

ამ გამოფენის წარმატებაში შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ ჩემი ორი ნამუშევარი სოლიდურ ფასად გაიყიდა და ორივე მათგანი ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას. მე ძალიან მახარებს ის, რომ ღონისძიებიდან შემოსული თანხა ერთ–ერთ დაზარალებულ ოჯახს მოხმარდება.

გამოფენა სულ ორი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო და 24 ივნისსაც უნდა ემასპინძლა დაპატიჟებული სტუმრებისათვის, მაგრამ მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ჩვენთვის მოულოდნელად, სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, ბიბლიოთეკის მხრიდან გვეცნობა, რომ ნამუშევრებისაგან დაგვეცალა საგამოფენო სივრცე, რადგან 24 ივნისს რაღაც ღონიძიება ჰქონდათ დაგეგმილი და ეს მაშინ, როცა წინასწარ იყო შეთანხმებული და დაანონსებული ყოველივე.

სამწუხაროა, რომ აღარ გვეძლევა საშუალება გაგრძელდეს აღნიშნული გამოფენა და ჩვენი ქველმოქმედებით რეალურად შევძლოთ დაზარალებული ადამიანების დახმარება!

გულდასაწყვეტია ის ფაქტიც, რომ გაჭირვებულ ადამიანთა თანაგრძნობის უგულებელყოფასთან ერთად, ახალგაზრდა ხელოვანებსაც არ ეძლევათ საშუალება თავიანთი ნიჭის გამომჟღავნებისა.
ძალიან გული მწყდება, რომ ღონისძიებას არ მიეცა ბოლომდე განხორციელების საშუალება.

გამოფენა ჩაშლილია!!!

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც დამაფასეს და მოვიდნენ ჩემს გამოფენაზე.

პატივისცემით, გიორგი პაპკიაური”