26 ივნისი, 2015

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება

1elene-axvledianiელენე ახვლედიანის ნამუშევრები ლადო გუდიაშვილის, პორფირ კრილოვის, ზურაბ წერეთლის ნამუშევრებთან ერთად ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება.

26 ივნისს გაიხსნება გამოფენა, რომელიც ეროვნული მუზეუმის უცნობ კოლექციებს გააერთიანებს. “ქართველები მეორე მსოფლიო ომში” – ასეთია ექსპოზიციის სახელწოდება და ის ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს ეძღვნება.

დამთვალიერებლი იხილავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შენაერთებში ქართველ მებრძოლთა 250-მდე მემორიალურ ნივთს, პირად წერილებს, სიგელებს, მისალოც ბარათებს, მედლებს, ორდენებს. აგრეთვე, როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ საბრძოლო იარაღებს, ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო შაშხანას, თოფებს, პისტოლეტებს.

მემორიალური ნივთებიდან გამორჩეულია სიმონ ჩიქოვანის მისალოცი წერილი გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძისადმი, ასევე კონსტანტინე ლესელიძის ორდენები, გენერალ ჯანჯღავას გმირის მედალი, ქართველი გენერლებისა და ოფიცრების საბრძოლო სამოსი. საბჭოთა არმიაში მებრძოლი ქართული ეროვნული დივიზიების, ასევე საფრანგეთსა და იტალიაში მებრძოლ ქართველ პარტიზანთა უნიკალური დროშები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული სამედიცინო იარაღები.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს იოსებ სტალინის პირადი ჩიბუხი და მისი 50 წლის იუბილესათვის დამზადებული სპილოს ძვლის ლარნაკი. გამოფენის საზღვაო სექციაში აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის გმირის იაროსლავ იოსელიანის ცნობილი წყალქვეშა ნავის „მალიუტკას“ მაკეტი. ექსპონატთა შორის გამორჩეულია საბჭოთა კავშირის გმირის მფრინავ დავით ჯაბიძის საფრენოსნო კოსტიუმი-აღჭურვილობა. ექსპოზიციას ისტორიულ ხაზად მისდევს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ვიდეო და ფოტოქრონიკები.

გამოფენაზე გამოტანილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციებში დაცული მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, პოლიგონებზე გაკეთებული გრაფიკული ჩანახატები და ომის თემატიკისადმი მიძღვნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, მათ შორისაა ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, პორფირ კრილოვის, ზურაბ წერეთლის ნამუშევრები. კერძო კოლექციიდანაა გამოფენილი ვერმახტის ქართული ლეგიონის სამკლავური ნიშანი, ვერმახტის კავკასიური საგანგებო დანიშნულების ბატალიონ ბერგმანის ემბლემა-ნიშანი კავკასიური ხანჯლის სახით – პირადი ნომრით 896, ქართული ლეგიონის საველე ბიბლიოთეკიდან „ჩვენი სიმღერები“.