25 ივნისი, 2015

დოდო რქის მონასტრის გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია

1dodo-rqaდავით გარეჯის დოდო რქის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, დარბაზული ტიპის, ახლადგამოვლენილი სამლოცველოსა და მძიმე მდგომარეობაში არსებული კედლის მხატვრობის გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია. არქეოლოგების ზედამხედველობით სამლოცველო, წლებში დაგროვილი მიწის ფენებისგან სრულად გათავისუფლებულია.

განხორციელდა ნაგებობის ბზარ-ნაპრალების სიღმისეული წმენდა და ინექტირება; მიკრობზარებისა და სხვა დაზიანებების ჰერმეტიზაცია; ბაქნების ჰიდროიზოლაცია და კლდის მასივისა და ეკლესიის ნაშენი ზედაპირების სამჯერადი დამუშავება ნანოტექნოლოგიური ჰიდროფობიზატორით.

წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული სამლოცველო 2015 წლის დასაწყისში გამოვლინდა. სპეცილისტების აზრით, დოდოს რქის დღემდე უცნობი ფრესკები, რომელიც წლების განმავლობაში მიწით დაფარულ, უჰაერო სივრცეში იყო დამალული, კედლის მხატვრობის ნიმუშთა შორის კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მხატვრობის მდგომარეობა სტაბილურია და დოდო რქის ინტერიერში გამოსახულებების სრული კონსერვაცია მომავალ წელს არის დაგეგმილი.