2 ივნისი, 2015

აღმოჩენა აჭარაში

1acharaსაქართველო კარგა ხანია არქეოლოგებისთვის საინტერესო ადგილია. სპეციალისტები სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა პერიოდის უნიკალურ ექსპონატებს პოულობენ. გამონაკლისი არც აჭარაა. არქეოლოგებმა აჭარის რაიონის სოფელ კაპნისთავში უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. სპეციალისტებმა არქეოლოგიური გათხრების დროს ქართული და ბიზანტიური წარმოშობის 11 ქვევრი აღმოაჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით ქვევრები VI-XI საუკუნეებით თარიღდება. ანალოგიური ქვევრები საქართველოში მხოლოდ აჭარასა და ყოფილი ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილშია ნაპოვნი. ქვევრების მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებლის ნაშთებიც აღმოჩნდა, რაც ტერიტორიაზე დახურული ტიპის მარნის არსებობაზე მიუთითებს.

ამ სოფელში არქეოლოგებმა ბრინჯაოს ხანის ლითონის დასამუშავებელი ჯამებიც აღმოაჩინეს, რომლებშიც ლითონი წყლის ენერგიის გამოყენებით მუშავდებოდა. ჯამები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეულით არის დათარიღებული.

ადგილობრივი ხელისუფლება და მეცნიერები ერთობლივად იმსჯელებენ და შესაძლოა, ამ ადგილზე ტურისტული ზონა მოეწყოს.