13 მაისი, 2015

თეატრალურ უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა

1teatraluriშოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაციას სასწავლებლის სტუდენტები ავრცელებენ. მათ უკვე დაიწყეს სხვადასხვა აქციები ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად და მათთან შეხვედრაც მოითხოვეს. შენობაში წვიმის დროს წყალი ჩადის და მათ ვედროების დადგმა უწევთ:

“თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციის მსვლელობის დროს ოცდამერვე აუდიტორიაში ჩამოინგრა ჭერი. საბედნიეროდ დაზარალებული არც ერთი სტუდენტი და ლექტორი არ არის, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არაფერს არ ნიშნავს. შენობა არის ავარიული, აუდიტორიებში წვიმის დროს ჩამოდის წყალი, არის საშინელი ანტისანიტარია, ტუალეტებში არ არის ელემენტალური ჰიგიენის დასაცავი საშუალებები, არ არის როგოორიცაა საპონი, ტუალეტის ქაღალდი, ხელის საშრობი და ასე შემდეგ. სტუდენტები ამ შენობაში ატარებენ დაახლოებით 7-8 საათს დღის განმავლობაში და არ არის სასადილო. არ არსებობს ასეთ პირობებში სწავლის ან რაიმეს შექმნის სურვილი გაუჩნდეს ადამიანს. ყველას მივმართავთ თხოვნით, მიხედონ შენობას იქამდე, სანამ თხოვნა მოთხოვნად არ გადაიზრდება და რამე საშინელება არ მოხდება. გვგონია, რომ ამისთვის არაა აუცილებელი ვინმე ჩამონგრეულ აუდიტორიაში ჩაიმარხოს და ცოტა დაფიქრდით ამაზე! ჩვენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ვითხოვთ სწავლისთვის უსაფრთხო გარემოს. არ გვინდა თავზე ჭერი ჩამოგვენგრეს, შენობა ინგრევა, ლიფტიც საშიშია, კიბეც, ავარიულია საძირკველი, ნგრევის პირასაა მისული კედლები, ჩამონგრეულია უკანა ფასადი. არ გვაქვს ცენტრალური გათბობა, არსებული გათბობის სისტემა მუდმივად ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას, გვაქვს ნახევარი საუეკუნის წინანდელი ელექტროგაყვანილობა, აუდიტორიებში ჩამოდის წყალი. გვინდა ჰიგიენა დაცული იყოს. დღის უდიდეს ნაწილს ამ შენობაში ვატარებთ, გვესაჭიროება სასადილო. ჩვენ გვაქვს უფლება ჯანსაღ გარემოში მივიღოთ განათლება. უსარფთხოების გარეშე ეს შეუძლებელია, გვინდა აქ მოსვლა გვიხაროდეს და არ გვეშინოდეს. შენობას შველა სჭირდება!” – აცხადებენ თეატრალურის სტუდენტები.

მათ მოთხოვნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა. მინისტრი სტუდენტებს შეხვდა, პირადად გააცნო კულტურის სამინისტროს სამომავლო გეგმები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მიხეილ გიორგაძის თქმით, შენობის კაპიტალური რემონტი ზაფხულში დაიწყება.