31 მაისი, 2015

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,ცოდო ვარ”

1choxoმომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ყოველთვის გამოირჩეოდა ხმამაღალი განცხადებებით იმ თემებზე, რომელიც მას აწუხებდა. გამონაკლისი ხელოვანმა არც ამჯერად დაუშვა, ქართულ საზოგადოებას მიმართა და გამოფხიზლებისკენ მოუწოდა:

“მე მგონია ვიღაცას ძალიან დიდი დრო ეხარჯება ჩემი ინტერვიუების მოძიებაში, შეგროვებაში, მერე მის დამუშავებაში. მთავარია ამოაგდონ კონტექსტიდან, ისე ,,მოარგონ” დროს, როგორც მათ სჭირდებათ და რაც მთავარია დაასათაურონ – ,,თამრიკო ჭოხონელიძე ,,სკანდალურ”(?!) ან კიდევ ,,საგანგებო”(?!)განცხადებას აკეთებს”…

კარგი რა! აღარ მოგბეზრდათ ეს იაფფასიანი ბრძოლა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ?! რა სკანდალი, რა საგანგებო? თვეების და ზოგჯერ 1 ან მეტი წლის წინ დაბეჭდილ ინტერვიუებს დაჭრით, ამოიღებთ იმას, რაც თქვენ გაწყობთ და კიდევ კადნიერდებით თქვენი დასკვნა დაწეროთ თავხედურად? ,,თამრიკო ჭოხონელიძე ახალ მთავრობას განუდგა”(?!)…

საბედნიეროდ ობიექტურობის შეგრძნება არასდროს დამიკარგავს და ბრმად არასდროს ვყოფილვარ არც ცალკეული პიროვნებების ტაშისდამკვრელი (აღარაფერს ვამბობ მლიქვნელობაზე) და არც იქ ვყოფ თავს, რაც არ არის ჩემი სფერო! გაგიგიათ ჩემგან თუნდაც ერთი პოლიტიკური განცხადება? არა! მაგრამ გამაგებინეთ, შეიძლება თავი ჩავთვალო ერთ რიგით მოქალაქედ, რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს იმის უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება (თუნდაც უკმაყოფილება) ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით?

წინა ხელისუფლების დროს ერთი დაუწერელი ლოზუნგი ბატონობდა – თუ ჩვენთან არ ხარ, თუ არ გველაქუცები და კიდევ ბევრი ,,თუ”, ესეიგი მტერი ხარ! ჰოდა როცა არ ვიქეცი ასეთად და ჩემი აზრი გამოვთქვი (ჩემს სფეროში(!)), მათთვის მიუღებელი აღმოვჩნდი და თავად განმიდგნენ, მტრად ჩამთვალეს (ეს სიტყვა “განმიდგნენ” ჟურნალისტებისთვის, მათ უყვართ)…

რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, რა თქმა უნდაბ მათ მიმართაც გარკვეული პრეტენზიები აქვს ხალხს და მეც, მიუხედავად ჩემი მათდამი დადებითი დამოკიდებულებისა, დამეთანხმებით ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხმამაღლა გამოვთქვი გარკვეული უკმაყოფილობები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ! ერთი ფაქტია – კრიტიკის გამო ჯერ არავინ არავის გადამტერებია და ვნახოთ!

არ შემიძლია არ ვთქვა ჩემი დიდი გულისტკივილი ზოგიერთი ჩასაფრებული ჟურნალისტის გამო. რატომ ცდილობენ, ან რატომ აქვთ ასეთი გაცხოველებული ჟინი დამაპირისპირონ ამ ხელისუფლებას და იმას, რაზეც ახლა ვწერდი ასეთი დასკვნა გამოუტანონ ,,თამრიკო ჭოხონელიძე ახალ მთავრობას განუდგა”(?!) რატომ?! სიმართლეს და შენს გულისტკივილს რომ ეუბნები ხმამაღლა? შენიანს ისევ შენ რომ უნდა უთხრა სიმართლე, თუნდაც მტკივნეული იყოს, იმიტომ? სხვა, უცხო ხომ არ გვეტყვის ჩვენს ნაკლს, არ ვადარდებთ, მეტიც, უხარიათ, როცა ცუდად მიგვდის საქმე და ჩვენ არაფერი ვუთხრათ ერთმანეთს საერთო საქმის, ჩვენივე შვილების მომავლის სასიკეთოდ არა? სირცხვილი არ არის?!

ახლა ნამდვილად ვაცხადებ – არავის (ა-რა-ვის (!), არც ძველს და არც ახალს) განვდგომივარ მე და ნუ აბინძურებთ სიტუაციას ხელოვნურად! (ვისაც არ ვუნდოდი თავად განმიდგა!) მოგვეცით უფლება გამოვხატოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია! ნუ დაამუნჯებთ ხალხს იმის შიშით, რომ ცუდად დაუწერთ ხვალ მათ ნათქვამს…. იქ, სადაც თითქმის 1 წლისწინანდელი ინტერვიუდან მხოლოდ იმას იღებთ და თანაც ,,საგანგებო” განცხადებად მიქვეყნებთ ,,აღარ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ორსულს თელავენ……და ა. შ.”, იმას რაღატომ უჭრით რა განწყობითაც მთავრდება ინტერვიუ, რომ არც ვაპირებ და არც გვაქვს უფლება დავტოვოთ ქვეყანა, მით უმეტეს, რომ ძალიან მიყვარს თავისი დადებითითაც და უარყოფითითაც და ვთვლი, ცოდო ვარ და უსუსური იმ საოცრების გარეშე, რასაც საქართველო ჰქვია, სადაც გავიზარდე, სადაც ძალიან ბევრი სიყვარული მიმიღია…

და გეხვეწებით, უმორჩილესად გთხოვთ ნუ იმოქმედებთ ასე, მერწმუნეთ, ჩვენ ყველას გაგვიჭირდება ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სიძულვილი ერთმანეთის მიმართ დღითიდღე მძაფრდება! დიდი ხანია უჭირს ჩვენს ქვეყანას ნიჭიერებით, სიმღერით, მეგობრობით, სტუმართმოყვარეობით, სიყვარულით განთქმულ ქვეყანას და ნუთუ ჩვენივე უღირსი ქმედებებით უნდა შევუწყოთ ხელი მის ნგრევას? არ შეიძლება დავძლიოთ ეს საშინელი სენი, რასაც ზიზღი ჰქვია? (აგერ ნახეთ რამდენი კომენტარი წამოვიდეს სწორედ სიძულვილის, ქილიკის…) მაგრამ მე მაინც იმ იმედით ვარ, რომ ისინი უმცირესობაში არიან! ….და თქვენი დიდი იმედი მაქვს! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო! მაპატიეთ დრო წაგართვით, მაგრამ ვის, თუ არა ისევ ერთმანეთს უნდა ვუზიარებდეთ ჩვენს გულისტკივილს სანუგეშოდ? გაძლიერებული ყოფილიყავით მუდამ თქვენი ოჯახებით!”