1 მაისი, 2015

ქუთაისის თეატრში ელენე ახვლედიანის ესკიზები აღმოაჩინეს

1elene-axvledianiქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ესკიზები აღმოაჩინეს. მხატვრის მიერ შესრულებულ ოთხ ესკიზს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა. ესკიზები გაიწმინდა მტვრისაგან, შეივსო ნაკლული ადგილები, ჩაუტარდა დეზინფექცია და კონსერვაცია.

ცნობილი მხატვრის ესკიზები 1947 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრში რეჟისორ დოდო ანთაძის თაოსნობით აღდგენილი კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლისათვის „როგორ“ შეიქმნა.

ამავე სპექტაკლის სახელით თეატრში შენახული კინოფირი, რომელიც აქამდე გაუშიფრავი იყო და დადგმის ჩანაწერად ითვლებოდა, სპექტაკლში გამოყენებული 6 და 4 წუთიანი ხმოვანი კინოკადრები აღმოჩნდა. ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ფირი გაწმინდეს, დაზიანებული ადგილები შეაერთეს, გამოუცვალეს კოლოფები და ციფრულ მატარებელზე გადაიტანეს.

თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტლებით, სათანადო პირობებში შენახვისათვის კინოფირი ეროვნულ არქივში დარჩება.