28 მაისი, 2015

მზის ფესტივალი 10 წლისაა

1mzis-festivaliმზის ფესტივალი “ჩვენ ვხედავთ მზეს” 10 წლისაა. საიუბილეო თარიღი ტრადიციულად 1 ივნისს ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ “მზიურში” გაიმართება.

ფესტივალი 10 წლის წინ ფოტოხელოვანმა ანა გოგუაძემ დააარსა. მისი მიზანია „მზიური“ ერთი დღით, ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად იქცეს, სადაც ბავშვების ჟრიამული არ წყდება და ყველა ბედნიერია. მზე ყველას თანაბრად ათბობს, ამიტომაც პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ყოველწლიური მზის ფესტივალის პროგრამა წელსაც მრავალფეროვანია. მთელი დღის განმავლობაში “მზიურში” ბავშვებისთვის სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდება. მთელი დღის განმავლობაში, “მზიურის” ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობს მზიურის თოჯინა „მზე” და სხვადასხვა ზღაპრის გმირი.

საფესტივალო პროგრამაშია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ახალგაზრდა მხატვრის, ლექსო ფოდიშვილის პერსონალური გამოფენა, გამომცემლობა “დიოგენეს” საბავშვო და საყმაწვილო წიგნების გამოფენა-გაყიდვა დიდი ფასდაკლებით, მომავლის სკოლის მოსწავლეების გამოფენა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ღონისძიება, “პარტიზანული მებაღეობის” საინფორმაციო ეკო აქცია, ბავშვთა ხელოვნების სახლი “Dephani KidArt”-ის მოსწავლეთა გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების მასტერკლასი, ფერადი ცარცებით ხატვა პარკის ტერიტორიაზე, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ღია გაკვეთილები, სეირნობა ზღაპრის გმირებთან ერთად.

“მზიურის” ამფითეატრში მოეწყობა „NEVERLAND”-ის სპექტაკლი „მზე იუბილარია“, ენერგიული და სახალისო ცეკვები La Belle Sport-ის ზუმბას ინსტრუქტორთან ერთად, ილუზიონისტის წარმოდგენა, PSP-ს და გამომცემლობა “დიოგენეს” სახალისო გათამაშება, “პეპელა”-ს, გამომცემლობა “დიოგენეს” “qinqi”-ს „ჯეოსელის“ „ულკერი“-ის „თოლიას“ და „Starclub”-ის სახალისო გათამაშება.

ფესტივალს ვოკალური სტუდია „ბზიკების“ კონცერტი დაასრულებს.