8 მაისი, 2015

გიორგი გაგნიძის ტრიუმფი მეტროპოლიტენ ოპერაში

1gagnidzeქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში ორ სპექტაკლში მსოფლიო პრემიერა იმღერა.

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა საოპერო თეატრმა საოპერო ხელოვნების მოყვარულებს პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“ და რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“ შესთავაზა. მსოფლიო საოპერო მომღერლებთან ერთად, საპრემიერო სპექტაკლებში აღმოჩნდა ქართველი გიორგი გაგნიძე.

“სოფლის ღირსებაში“ და „ჯამბაზებში“ წამყვანი პარტიები გიორგი გაგნიძემ და მარჩელო ალვარესმა იმღერეს. ასეთი გადაწყვეტილება დირიჟორმა ფაბიო ლუისმა მიიღო. ორივე მომღერალს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პერსონაჟების განსახიერება მოუწიათ. გიორგი გაგნიძემ „სოფლის ღირსებაში“ ალფიოს პარტია შეასრულა, „ჯამბაზებში“ კი ტონიოს პარტია.

„გიორგი გაგნიძე უმაღლესი კლასის შემსრულებელია. ის ორივე როლში თანაბრად ძლიერად და გამოკვეთილად ჟღერდა,” – ასე შეაფასა ქართველი ბარიტონის სიმღერა ამერიკულმა პრესამ.

“სოფლის ღირსების” და “ჯამბაზების” ერთად დადგმის ტრადიციას საფუძველი სწორედ “მეტროპოლიტენ ოპერამ” ჩაუყარა. მსოფლიოს საოპერო თეატრებში ეს ტრადიციად იქცა და დღემდე მასკანისა და ლეონკავალოს ეს ოპერები ყოველთვის ერთად იდგმება.