16 აპრილი, 2015

ჟანრი ლოლაშვილი დაბადების დღეს გამოფენით აღნიშნავს

1janriრუსთაველის თეატრის მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი დაბადების დღეს გამოფენით აღნიშნავს. 22 აპრილს მსახიობს 73 წელი უსრულდება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში მისი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

„არასერიოზული“, უსათაურო სურათები, მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის კიდევ ერთი ფორმაა, მეორე (ან პირველი) თეატრთან ერთად. გრძნობების და დამოკიდებულებების ვიზუალიზაცია სიტყვების, გრიმის, მუსიკის, მბრუნავი სცენის და მისი ეფექტების გარეშე, მხოლოდ ხაზით და ფერით ის პროცესია, რომელიც არა რეჟისორებისგან, არამედ საკუთარი ცხოვრებისგან ისწავლა. მიზეზი – კიდევ ერთი, დამატებითი სამყაროს შექმნაა, სადაც არა საყოველთაო, არამედ მისეული წესები, კანონები, ესთეტიკა არსებობს; სადაც დრამატურგიც, სცენოგრაფიც, კომპოზიტორიც თვითონ არის და სრულიად თავისუფალია იმის პოვნაში, რასაც ეძებს.

„როდესაც სპექტაკლი მთავრდება და თეატრიდან გარეთ გამოვდივარ, ილუზორული სამყარო სრულდება და რეალობას ვაწყდები. იწყება ჰიპერრეალიზმი, რომელიც მომაკვდინებლად მოქმედებას ჩემზე. ჩემი სასიცოცხლო ძალა არის ილუზორული სამყარო. ამიტომ, ამ მხრივ, თეატრი და მხატვრობა ერთი და იგივეა, ორივე საკუთარი თავის ძიების და მიგნების პროცესია. სხვაობა მათ შორის არ არის,“ – ამბობს ჟანრი ლოლაშვილი.

ჟანრი ლოლაშვილი 55 წელზე მეტია ხატავს. გამორჩეულია მისი სტილისტიკა, შესრულების მანერა და ტექნოლოგიები. გამოფენები ჰქონდა გერმანიაში, რუსეთში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში. საქართველოში მიღებული აქვს ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა, ხოლო პერსონალური გამოფენა მოაწყო პროკურატურამ. მის სახელს უკავშირდება 250 ნამუშევარი რომლებიც ინახება როგორც მასთან ასევე კერძო კოლექციებში საზღვარგარეთ.