5 აპრილი, 2015

თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი იწყება

1sagundoთბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 22 აპრილიდან მეხუთედ აიღებს სტარტს.

ფესტივალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება და შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან რუსთავის კამერული გუნდი და თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი.

23 აპრილს ფესტივალში ჩაერთვებიან თელავის ქალთა კამერული გუნდი „კახეთის ჰანგები“ და ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“.

25 აპრილს კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა.

26 აპრილს მე–6 საავტორო სკოლაში გორის ქალთა კამერული გუნდი და თბილისის გოგონათა გუნდი გამართავენ კონცერტს. ამავე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმღერებს აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაც.

27 და 28 აპრილს მე–6 საავტორო სკოლაში საფესტივალო პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა საგუნდო კოლექტივების, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდის საღამო.

30 აპრილს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში იმღერებს ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კამერული გუნდი.

პირველ მაისს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა და ბათუმის ქალთა კამერული გუნდი გამართავს კონცერტს.

2 მაისს ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ივენთ ჰოლი „ქარვასლა“ უმასპინძლებს.