29 აპრილი, 2015

რონ კარტერი თბილისშია

1karteriმსოფლიოში ცნობილი კონტრაბასისტი რონ კარტერი უკვე თბილისშია. მუსიკოსი საქართველოში სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მისი კონცერტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თიბისი ბანკის, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

ლეგენდარული კონტრაბასისტი რონ კარტერი და მისი ტრიო 30 აპრილს რუსთაველის თეატრში კონცერტს გამართავენ. ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს რამდენიმე კომპოზიციით ჯგუფი “The Quintessence“ გახსნის.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა. ამ ღონისძიებას მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად საქართველოც უერთდება.

ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. წელს გალა-შოუს პარიზმა უმასპინძლა.

რონ კარტერის კონცერტზე დასასწრები სპეციალური მოსაწვევები კულტურის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაათამაშა. კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკმა კულტურის სამინისტროს გვერდზე ჯაზის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები მიიღო და ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტის მოსაწვევები გადასცა.