14 აპრილი, 2015

რას ყვება კოტე თოლორდავას მოსკოველი მეგობარი?

1koteeeeeკოტე თოლორდავას გარშემო ინტერესი არ ცხრება, ქართული თუ რუსული პრესა 35 წლის მსახიობზე აქტიურად წერს.რუსული ინტერნეტ-გამოცემა mk.ru მსახიობის მეგობარს, რეჟისორ ედუარდ ოგანესიანს ესაუბრა, რომელმაც ის მოკლემტრაჟიან ფილმში “აზნიფი” და კომედიაში “ანა-ბანა” გადაიღო.

– ვისთან მუშაობდა კოტე მოსკოვში ფილმზე?

– არა. ერთადერთი, რაც გავარკვიე ისაა, რომ უახლოეს დღეებში მოსკოვიდან საქართველოში უნდა გადაასვენონ. სად იღებდნენ მას, ამის თქმა არავის შეუძლია. ამ შეკითხვით ჩემს კოლეგებს მივმართე “ფეისბუქით”, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. ძალიან უცნაურია რომ მოსკოვში ჩამოსულმა არ დამირეკა და არ მითხრა: “ედიკ, მოსკოვში ვარ, მოდი შევხვდეთ”. შარშან კოტე თეატრთან ერთად გასტროლებზე ჩამოვიდა პეტერბურგში და მანამდე მომწერა: “ედიკ, შეძლებ ჩემთან მოსვლას?” იცოდა, რომ აუცილებლად ვნახავდი და ჩემთანაც დავტოვებდი. არავითარი სასტუმრო არ დასჭირდებოდა. მარტო იყო თუ არა სასტუმროს ნომერში? ვისთან ერთად ჩამოვიდა საქართველოდან? არაფერი მესმის. ასევე არ ვიცი რომელ სასტუმროში მოხდა ტრაგედია.

– დიდი ხანია მას იცნობთ?

– არა. მამაჩემი თბილისელია და ნახევარი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. სცენარი ჩემს მოგონებებზე დავწერე და მის გადასაღებად საქართველოში გავემგზავრე. კოტემ კასტინგი სწრაფად გაიარა, მეგობრის ქორწილიდან შემოირბინა, ძალიან ცოცხალი და სწრაფი იყო. მაშინვე მომეწონა, მივხვდი რომ ეს ის იყო, ვინც მჭირდებოდა. სინჯებზე მოვიდა და საუბარი ქართულად დაიწყო. მე მას ვკითხე: “ნუთუ, რუსულად არ საუბრობთ?” მან მიპასუხა, რომ ერიდებოდა. თუმცა, როდესაც რუსულად საუბარი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარად საუბრობდა. მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა. როგორც გაირკვა, ბაბუამისი, თუ დიდი ბაბუა რუსი იყო და თითქმის ადმირალიც. ასე რომ, მის ძარღვებში ნაწილობრივ რუსული სისხლიც ჩქეფდა. იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა ჰქონდა და ჩვენ მაშინვე დავმეგობრდით. ჩემს მოკლემენტარჟიან ფილმში მთავარ როლს თამაშობდა და მისი თამაში გამორჩეულად ინდივიდუალური და დასამახსოვრებელი იყო. მეორედ საქართველოში სრულმეტრაჟიანი ფილმით დავბრუნდით. არიან მსახიობები, რომლებეზც გინდა სცენარი დაწერო. კოტე ზუსტად ასეთი მსახიობი იყო. მე და კოტემ სცენარზე ერთად ვიმუშავეთ, მე დავბრუნდი მოსკოვში იმ ფიქრით, რომ აუცილებლად გადავიღებდი ფილმს და კოტე ისევ მთავარ როლში იქნებოდა. დავწერე სცენარი “პეპე”, რომლის პროტოტიპიც კოტეა. ეს ისტორია ორი მამაკაცის ურთიერთობაზეა. ქართველმა მამაკაცმა 35 წლის ასაკში შეიტყო, რომ ჰყავს მამა, რომელიც ცხოვრობს მოსმკოვში და ჩავიდა მის გასაცნობად. მამასთან კოტეს რთული ურთიერთობა ჰქონდა, როგორც ვიცი, ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. ვწერდი სცენარს და ვხედავდი კოტეს, როგორ ითამაშებდა, როგორ ილაპარაკებდა, როგორ მოირგებდა ამ პერსონაჟს პლასტიკურად. მასთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნება იყო, იმიტომ რომ ის იყო ნამდვილი მსახიობი. არასდროს ერეოდა რეჟისურაში. ჩვენ ერთმანეთს ვენდობოდით. ის იყო გადარეული, კარგი გაგებით. მომავალ მეუღლეს ხელი ისე სთხოვა, რომ ამის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ფანჯარასთან აივნიანი ამწეთი მიადგა, დაუკაკუნა, ყვავილები მიართვა და იქედან პირდაპირ ხელის მოსაწერად წაიყვანა. მგონია, რომ ასეთი რაღაცეების გაკეთება მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.

– თქვენთვის რით იყო გამორჩეული კოტე თოლორდავა?

– არიან მსახიობები, რომლებიც უბრალოდ კარგად ფლობენ სამსახიობო ხერხებს, მას კი ყველაფერი ბუნებით მოსდგამდა. უყურებდი და ხვდებოდი, რომ ის არ თამაშობდა. ძალიან ორგანული იყო, ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. მას დაძაბვა და ხანგრძლივი რეპეტიციები არ სჭირდებოდა. თუ როლის არსი ესმოდა, მაშინვე გარდაისახებოდა. როდესაც ჩემი პირველი ფილმის გადასაღებად ჩამოვედი, კოტეს არ ჰქონდა დიდი გამოცდილება კინოში თამაშისა, მაგრამ საოცრად გრძნობდა ტემპს, იცოდა კამერასთან როგორ უნდა ემუშავა. დაკისრებულ დავალებას თავის ნამდვილდი პროფესიონალივით გაართვა და ის ჩემს თვალში იყო კიდეც პროფესიონალი. როდესაც ჩემი სრულმეტრაჟიანი ფილმის “ანა-ბანას” სცენარი მომზადდა, მივხვდი, რომ მთავარი როლი კოტეს უნდა ეთამაშა. მე პირველი აღმოვჩნდი, ვინც ის ფილმში გადაიღო. ეს 2009 წელს მოხდა. მაშინაც გადასაღებად საქართველოში ჩამოვედით. კოტეს მანამდე კინოკამერასთან არ ემუშავა, თუმცა გადასაღებ მოედანზე პროფესიონალი კინომსახიობივით ეჭირა თავი. ქართულ ტელესერიალში გადაღების შემდეგ ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქცა. მაყურებლებს კოტე ძალიან უყვარდათ. როგორც კი კადრში ჩნდებოდა, მაშინვე ყველას ყურადღებას იპყრობდა. ვინც მისი სახელი არ იცოდა, კითხულობდნენ, ვინაა ეს მაგარი მსახიობიო. ბოლო პერიოდში მას ფილმებში სულ უფრო ხშირად იღებდნენ, სუპერპოპულარობა კი კოტეს მოუტანა ქართულმა ტელესერიალმა. ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა, კოტეს შესაძლებლობები უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო და მაყურებლებს ძალიან შეუყვარდათ. შეხედეთ მის თვალებს? განა შეიძლება ეს ადამიანი არ გიყვარდეს? როგორც კი კადრში ჩნდებოდა, მაშინვე ყველას ყურადღებას იპყრობდა. კოტე უყვარდათ ისე, როგორც ევგენი ლეონოვი, თავისი სამსახიობო დეტალებისთვის. კოტეს როხროხა სიცილი და სევდიანი თვალები ჰქონდა. ისინი მსხვილი ხედით უნდა გადაგეღო. ხუმრობებს ადვილად იჭერდა, სიცილი უყვარდა. განათლება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში მიიღო. მისი სახელი არ ქუხდა. მხოლოდ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” გადაღების შემდეგ გაიცნო ის საქართველომ. ერთ დღესაც მან პოპულარულმა გაიღვიძა. კოტე თავიდან თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში თამაშობდა. ვინაიდან კოტე კარგად საუბრობდა რუსულად, გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრშიც ხშირად იწვევდნენ.

– მის ოჯახზე რას იტყვით?

– მას პატარა შვილები დარჩა… როდესც ჩვენ გადაღებები გვქონდა, მას შვილი შეეძინა. ორი თუ სამი შვილი ჰყავდა. მისი მეუღლეც მსახიობია, ახალგაზრდა, ნამდვილი ლამაზმანია. ისინი ძალიან კარგი წყვილი იყვნენ. მის შვილებს ნამდვილად აქვთ საამაყოდ საქმე, რომ ასეთი მამა ჰყავდათ. მან თავის შემდეგ ბევრი კარგი დატოვა, მათ შორის მისი რაღაც ნაწილი ჩემშიც დარჩა. კოტეს პრობლემის შესახებ არაფერი ვიცოდი, რაზეც ახლა წერენ. პრესა იტყობინება, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ბევრს ეწეოდა. როგორც ყველა ქართველს, საღამოობით მეგობრებთან ერთად დალევა უყვარდა. სულ ესაა.