7 აპრილი, 2015

გრიბოედოვის თეატრი საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

1starshii-sin8 აპრილს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით “უფროსი ვაჟი” დსთ და ბალტიის ქვეყნების რუსული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე “შეხვედრები რუსეთში” წარსდგება.

“შეხვედრები რუსეთში” ყოველწლიურად აპრილში ტარდება 1998 წლიდან და არის უცხოეთის რუსულენოვანი თეატრების პირველი ფესტივალი. სპექტაკლები იმართება თეატრი-ფესტივალი “ბალტიური სახლის” დიდ და მცირე სცენებზე.

ფესტივალის ორგანიზატორია ბალტიის საერთაშორისო საფესტივალო ცენტრი და თეატრი-ფესტივალი “ბალტიური სახლი”. მისი მუდმივი მონაწილეები არიან უზბეკეთის, ლატვიის, სომხეთის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების რუსული თეატრები.

გრიბოედოვის თეატრი ფესტივალში მეხუთედ მონაწილეობს. 2008 წლიდან მაყურებლების კენჭისყრის საფუძველზე საუკეთესო მონაწილე თეატრს გადაეცემა კირილ ლავროვის სახელობის პრემია.

ფესტივალი გამოირჩევა საგანმანათლებლო პროგრამითაც. ყოველწლიურად მონაწილე მსახიობებისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან იმართება მასტერ-კლასები, ლექციები და ხორციელდება ერთობლივი საერთაშორისო პროექტები. ფესტივალის ფარგლებში იმართება მრგვალი მაგიდები, კონფერენციები, სპექტაკლების განხილვა, სადაც მსჯელობენ თანამედროვე თეატრის განვითარების ტენდენციებზე.

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარადგენს სპექტაკლს “უფროსი ვაჟი” ალექსანდრე ვამპილოვის პიესის მიხედვით, რომლის რეჟისორიც გიორგი მარგველაშვილია, მხატვარი კი მირიან შველიძე. “უფროსი ვაჟი” არის ისტორია ორ ახალგაზრდაზე, რომლებსაც შემოაღამდათ უცნობ გარეუბანში და გასათევის ძიებაში ერთ ოჯახს შეეკედლნენ. შემთხვევითმა შეხვედრამ შეცვალა ყველა გმირის ცხოვრება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან დადგა სპექტაკლი მარტოობაზე, ბედნიერების ამაოებაზე და მაინც იმაზე, რომ სიცოცხლე სასწაულებით არის სავსე. სპექტაკლის პრემიერა შედგა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში და მიეძღვნა ნაწარმოების შექმნიდან 50-ე წლისთავს. სპექტაკლში მონაწილეობენ აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, დიმიტრი მერაბიშვილი, ლაშა გურგენიძე, ივანე ქურასბედიანი, მარიამ კიტია, ინა ვორობიოვა, ანასტასია გარმატიუკი, მედეა მუმლაძე, დიმიტრი სპორიშევი.