14 აპრილი, 2015

გერმანელი მხატვარი ნახატებს საქართველოს ჩუქნის

1rudigeriცნობილი გერმანელი მხატვარი ვერნერ რუდიგერი 20 წელზე მეტია საქართველოში ჩამოდის და წლიდან წლამდე ქართული კულტურით და ხუროთმოძღვრებით სულ უფრო და უფრო მოხიბლულია.

15 აპრილს საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში მისი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, სადაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნახატები გამოიფინება. მათ შორისაა ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ტაძრები, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ვერნერ რუდიგერს გადაწყვეტილი აქვს თავისი 200 ნახატი საქართველოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს. ხელოვანი, რომელსაც მოვლილი აქვს მსოფლიო, იცის 7 ენა და ბევრს ხატავს. საქართველო მისთვის გამორჩეული ქვეყანაა: “გერმანია ჩემი სამშობლოა, საქართველო კი ჩემი ბედია”, – ამბობს გერმანელი მხატვარი.

მან 4 წელი გაატარა თურქეთში და ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ეკლესიები დახატა. იმისთვის, რომ ნამუშევრები მალე არ დაზიანებულიყო, ნახატები პარაფინის აკვარელით შეასრულა. მთლიანობაში მხატვარმა 200-ზე მეტი ნახატი შექმნა.

გერმანელი მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა დროს საქართველოს ქალაქებში იყო გამოფენილი, ახლა მისი ნამუშევრები თბილისში გამოიფინება. ხელოვნების სასახლეში გამოფენა ერთ კვირას გასტანს.