Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გადავარჩინოთ ქართული წიგნი

27 აპრილი, 2015

1booksქართული წიგნის გადასარჩენად ქართული გამომცემლობები სპეციალურ პეტიციაა ავრცელებენ და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ისინი საგანგებო წერილით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს:

“2018 წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს არის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, სადაც ამ სტატუსით მონაწილეობა გულისხმობს: ქართული მწერლობისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების წარმოჩენას. მოვლენას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც – ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი გამომცემლობების მხარდაჭერა და გაძლიერება.

ეს კი შეუძლებელია იმ პირობებში, როცა ბოლო ორი წლის მონაცემებით:

გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა ქართული გამომცემლობების მნიშვნელოვანი ნაწილი;

დაიხურა მცირე და საშუალო პოლიგრაფიული საწარმოები (სტამბები), უმუშევარი დარჩა ასეულობით ადამიანი;

გაძვირდა მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა, საგრძნობლად შემცირდა წიგნების ტირაჟები;

დაიხურა რამდენიმე წიგნის მაღაზია თბილისსა და რეგიონებში;

გასული საუკუნის 90-იანი წლების მსგავსად, შავ ბაზარზე ისევ გაჩნდა აღურიცხავი და კონტრაფაქციული წიგნები.

ამ სავალალო და საგანგაშო მდგომარეობის მიზეზი, რომელშიც ამჟამად იმყოფება ქართული წიგნი, დიდწილად ის არის, რომ უკვე ორი წელია განათლების სამინისტრო ითვისებს ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ინტელექტუალურ საკუთრებას და უკანონოდ ბეჭდავს სასკოლო სახელმძღვანელოებს ტენდერის გარეშე შერჩეულ, განათლების სამინისტროს მიერ ლობირებულ სტამბებში. შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამომცემლობებთან კომუნიკაციის უგულებელყოფის გამო იხარჯება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები.

წიგნი, როგორც კულტურის სახე და პრესტიჟი, საზოგადო, საერთო ეროვნული მოვლენაა და არა მხოლოდ კერძო ინტერესის საგანი. სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლები სახელმწიფო სუბსიდიებს არასოდეს იღებდნენ და არც ითხოვდნენ. ამიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, მათ დავუტოვოთ ის, რაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მოიპოვეს, და რამაც, კულტურული თვალსაზრისით, გაამართლა (წლების განმავლობაში იბეჭდებოდა არაკომერციული სამეცნიერო, მხატვრული, შემეცნებითი ლიტერატურა, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოები).
ეს არა მარტო ჩვენი, არამედ ამ საქმით დაინტერესებული ფართო სექტორის – ავტორების, მესტამბეების, წიგნის გამავრცელებლების, საბიბლიოთეკო და საგანმანათლებლო ქსელის მუშაკების – და ქართული წიგნის ყველა ქომაგის მოთხოვნაა.”

პეტიციას ხელს აწერენ გამომცემლობების „არტანუჯი“, “დიოგენე”, “ინტელექტი”, “მერიდიანი”, “პედაგოგიკა”, “სიესტა”, “სწავლანი”, ქარჩხაძის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელები.