Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აურზაური ლა სკალაში ქართველი მომღერლის გამო

15 აპრილი, 2015

1kiriaქართველი საოპერო მომღერალი მიხეილ ქირია სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“მოგეხსენებათ ლა სკალას სცენაზე უნდა მემღერა, ბატისტელის ოპერა CO2-ში, ორი მნიშვნელოვანი როლი, რომლის მსოფლიო პრემიერა ამა წლის 16 მაისს უნდა შედგეს ლა სკალას სცენაზე. ვინაიდან ჩემი ჰონორარი ძალიან მწირი გახლდათ, რადგან თვითონ ოპერის ბიუჯეტი გახლდათ მწირი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არამარტო კულტურის სამინისტროს, მივმართე თხოვნით ხელი შეეწყოთ, ჩემთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დააკმაყოფილეს ჩემი განცხადება, რის გამოც უარის თქმა მომიხდა ლა სკალასთვის და ინგლისის ერთ-ერთ ოპერაში მოვაწერე ხელი კონტრაქტს, რადგან ანაზღაურება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც ხელოვანის სტაბილურად მუშაობისთვის.

რა თქმა უნდა, ჩემს უარს მოყვა დიდი აურზაური ლა სკალას ადმინისტრაციის მხრიდან, რადგან აფიშები დაბეჭდილი გახლავთ და ლა სკალას საიტზე განთავსებული იყო შემადგენლობა. მომიწია ახსნა-განმარტების მიცემა, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ჯერ სიტყვიერი თანხმობა განვაცხადე მემღერა ოპერა, რის შემდეგაც, ერთი თვე ვიმუშავე ოპერაზე, მსოფლიოში უდიდეს მუსიკოსთან ჯეიმს ვონთან, ჩავწერეთ ოპერის ფრაგმენტები რეჟისორისთვის და ამ ყველაფრის მერე უარი განვაცხადე ლა სკალაში სიმღერაზე. თეატრის ქასთმენეჯერს და ადმინისტრაციას გავუგზავნე ახსნა-განმარტებითი წერილი, სადაც დეტალურად წერია მიზეზები, რის გამოც იძულებული ვარ დავთანხმდე სხვა კონტრაქტს ინგლისში. დაინტერესების შემთხვევაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუძლია აღნიშნული საკითხი გადაამოწმოს ლა სკალას ადმინისტრაციასთან, ასევე შემიძლია მათ მივაწოდო წერილი, რომელიც თეატრის ხელმძღვანელობას გადავუგზავნე და რომლის გამოქვეყნებაც დარწმუნებული ვარ არ ესიამოვნებათ სამინისტროში.

ძალიან ვწუხვარ, რომ კულტურის სამინისტროში მომუშავე ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში იმათ, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ გათვითცნობიერებული რა არის ნამდვილი ხელოვნება და რისი მოტანა შეუძლია, სხვა უამრავ დადებითთან ერთად, ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ხელოვანების წარმატებულ მოღვაწეობას.

ძალიან გთხოვთ, ჩემს წერილს ნუ განიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში, უბრალოდ ბევრი მიზეზის გამო, არ შემეძლო დამემალა ის, რის გამოც, სამწუხაროდ, უარის თქმა მომიწია თეატრ ლა სკალასთვის.”