30 აპრილი, 2015

,,ანტიგონე’’ ოზურგეთის თეატრშია

1antigoneჟან ანუის “ანტიგონე” ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა.

მსოფლიოში აღიარებული დრამატურგის ჟან ანუის “ანტიგონე” ოზურგეთის თეატრის 147 წლის ისტორიაში პირველად განხორციელდა. 30 აპრილს და პირველ მაისს თეატრში საპრემიერო ჩვენებები მოეწყობა.

ქართულ სცენაზე კარგად აპრობირებულ პიესაზე ოზურგეთის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელმა საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ იმუშავა. სპექტაკლის მხატვარია გია გვიჩია, მუსიკალური გამფორმებელი გოგა მახარაძე, ხოლო ქერეოგრაფი მარიკა ქვეთაია.

სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ თამარ მდინარაძე (ანტიგონე), ალექსანდრე ლომიძე (კრეონი), გიორგი დოლიძე (ჰემონი), შორენა გვეტაძე (ისმენე), ბელა კიკვაძე (ძიძა), ზაირა თოთიბაძე (ევრიდიკე) და სხვები. კრეონის როლზე ოზურგეთის თეატრში მოწვეულია საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოს, ტელესერიალების და თეატრის ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

“ანტიგონეს მხატვრული სახე კაცობრიობას მოყვება მითებიდან და არის მარად ამბოხი უკვდავი სულის სიმბოლო. ადამიანი თავისუფალია, მაგრამ ხშირად გვჭირდება ამ თავისუფლებისათვის ბრძოლა. ასე იყო ანტიკურ თუ თანამედროვე რეჟიმებში. ყველა ეპოქაში დგება ადამიანის წინაშე გამოწვევა: იბრძოლოს ძალმომრეობის წინააღმდეგ, სამართლიანობისათვის, სულიერი სიწმინდისათვისა და ზნეობისათვის…

კანონი, სახელმწიფო, პიროვნება – ეს ღირებულებები უპირისპირდება ერთმანეთს… პოზიციების დაპირისპირება ანტიგონესა და კრეონტის პერსონაჟების სახით დღესაც აქტუალური თემაა, დღესაც ბევრ საფიქრალს ტოვებს. საუკუნეების წინ დასმულ შეკითხვებზე დღესაც ვერ უპოვია ერთმნიშვნელოვანი პასუხები კაცობრიობას, ასე იყო და ახლაც XXI საუკუნეშიც ასეა. მინდა ჩემი “ანტიგონე” იყოს უტეხი სულისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლო. დანარჩენზე კი თავად სპექტაკლიდან შეიტყობთ,” – აცხადებს რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე.