10 მარტი, 2015

ვინ ყიდის ამბროლაურის თეატრის შენობას?

teatris-shenoba7ამბროლაურის ცენტრში ყოფილი თეატრის შენობა იყიდება და თანაც სასწრაფოდ, რომელიც 607 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და ამჟამად იქ 300 კაციანი მოქმედი რესტორანი ფუნქციონირებს. თავისი ინვენტარით, ავეჯით, ევრო რემონტით ყოფილი თეატრის შენობა 350.000 დოლარად იყიდება.

ამ ფაქტს მომღერალი და მუსიკოსი ზუმბა იგივე ზაზა კორინთელი გამოეხმაურა:

“სიტყვებიც არ მყოფნის! ყოჩაღ! რაც მაგ შენობის კულტურული ფუნქციის შენარჩუნებისთვის გვაქვს ნაწვალები! როგორ გვიხაროდა, როცა რაჭისთვის ყველაზე საუკეთესო კინოთეატრის განვითარებას და შემოქმედებითი ცეცხლის დანთებას ვცდილობდით მე და ჩემი მეგობრები. ძალიან საინტერესოა, რა ფორმით გასხვისდა კერძო სექტორზე და თუ გასხვისდა, რატომ არ შეუნარჩუნდა მისი უმთავრესი ფუნქცია?

ბრავო, “პატრიოტებო!”

სვით, ჭამეთ და ილხინეთ, იხმაურეთ და იძინეთ!

კულტურის და შემოქმედების დედაც…

ჩვენი ისტორია ასეთია, რომელიც საზოგადოებამ არც იცით:

დაახლოებით, 10 წლის წინ, რეგიონების განვითარების დიდი სურვილით და ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით ანთებულმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ერთობლივი ძალებით რეგიონში კულტურული ცხოვრების განვითარების საპილოტე პროექტი დაგვედო საზოგადოებისთვის. სრულიად შეგნებულად ავირჩიეთ ამბროლაური, რადგან საორგანიზაციო ჯგუფში არც ერთი რაჭველი არ ვიყავით და ვერც ვერავინ დაგვაბრალებდა ნათესაობრივ-წარმომავლობით მიკერძოებას. ჯგუფში ვიყავით რეჟისორები, მუსიკოსები, მხატვრები, ვიდეო-აუდიო ინჟინრები და რამოდენიმე უცხოელი სპეციალისტი. არანაირი დაფინანსება და გრანტი ჩვენ არ გვქონდა. ჩვენი ძალებით შევკრიბეთ აპარატურა, ფინანსები, მიკროავტობუსიც მეგობრის მამამ მოგვცა. მივატოვეთ ოჯახები და ასე წავედით რაჭაში. ადგილობრივების ხელშეწყობით კულტურის სახლში დავბანაკდით, ჯერ კიდევ ზაფხული იყო. ყველამ ჩვენ-ჩვენს დარგებს მივხედეთ. მე ხმის ჩამწერი სტუდია ავაწყე, რეჟისორმა ჩაატარა კასტინგი, ადგილობრივებისგან დასი შეკრიბა და სპექტაკლის მომზადება დაიწყო, მხატვრებმა სახელოსნო გააკეთეს და ნიჭიერი ბავშვებიც შეარჩიეს მოსწავლეებად, ასევე თანამედროვე მუსიკის სექციაც ავამუშავეთ. უკვე საჭირო იყო სახსრები აპარატურისთვის, განათებისთვის, დეკორაციებისთვის, რომლის მოძიებაც ჩვენივე კონტაქტებით დავიწყეთ სხვადასხვა ფონდებიდან და სახელმწიფო ორგანიზაციებიდან. დავდეთ განვითარების გეგმა და რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. იყო მხოლოდ შექება და დაპირებები.

რაც შეეხება მაგ შენობას, შევარდნაძის დროს იყო გაცემული უვადო იჯარაში რომელიღაც შპს-ზე. მოვძებნეთ ის ადამიანი, რომელმაც უპრობლემოდ გააუქმა კონტრაქტი კინოსტუდიასთან და ჩვენი ჩარევით შენობა დაუბრუნდა მართვაში რაიონის თვითმმართველობას კინოთეატრის განვითარების მოტივაციით. თბილისის კინოთეატრების მფლობელებიც შეგვპირდნენ, რომ მათთან ნაჩვენებ ყველა ლიცენზირებულ ფილმს უსასყიდლოდ გამოგვიგზავნიდნენ. ბევრი ვიწვალეთ და ბევრი ხალხიც შევაწუხეთ, მოკლედ. ამასობაში მოვიდა შემოდგომაც, აცივდა და შეუძლებელი გახდა ცხოვრება კულტურის სახლის კულისებში. გადავწყვიტეთ კერძო სახლი გვექირავებინა იქვე, ამბროლაურის ცენტრში. თქვენ ვერც წარმოიდგენთ რამხელა ფასები დაადეს ზამთარში ისედაც დაკეტილ სახლებს მეპატრონეებმა. ხოდა ჩვენც, როცა საკუთარი ყველა რესურსი ამოვწურეთ, მოვკიდეთ ამ ჩვენს სტუმრებს ხელი, ავიკრიფეთ ბარგი-ბარხანა და დავბრუნდით ჩვენს ოჯახებში. ნოემბრის 23 იყო, გიორგობა.

ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ და ქვეყნისთვის კეთილი საქმე შეგაძლებინოთ. ნამდვილად გამიხარდება. მაგრამ, “მიდი, ზუმბა, ჯიგარი ხარ, მიაწექი!”-ს გარდა სხვა თანადგომა არ მიგრძვნია. ხოდა, მეც დღემდე ვაწვები და მივაწვები ბოლომდე… თქვენ იყავით ოღონდ კარგად!”