24 მარტი, 2015

თბილისის მოდის კვირეული იწყება

TFWთბილისის მოდის კვირეული წელს უკვე მე-11-ედ ჩატარდება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და უკვე წარმატებულ და ცნობილ ქართველ დიზაინერებთან ერთად, თბილისის მოდის კვირეულში დამწყები დიზაინერებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მთლიანობაში თბილისის მოდის კვირეული უმასპინძლებს 20-მდე ქართველი დიზაინერის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენებას, რომელიც 16-დან 19 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

კვირეულზე დასასწრებლად საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი ჟურნალისტები, ბლოგერები, მოდის კრიტიკოსები და ბაერები. ქართველი ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის და ფოტოგრაფებისთვის აკრედიტაციის გაცემა უკვე დაწყებულია.

თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი კომპანია “ჯეოფეშენია”. მისი ხელმძღვანელის მოდელ თაკო ჩხეიძის განცხადებით, თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.