Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რას ითხოვს ერეკლე დეისაძე?

er4ერეკლე დეისაძე ახალ ჩანაწერს აქვეყნებს სახელწოდებით “მოკლული პროფ(მ)ესიები”:

ალბათ ყველას ახსოვს „დროებაში“ გასული სიუჟეტი ქუთაისის საცურაო აუზის შესახებ, სადაც ბავშვებს ცურვას უწყლოდ ასწავლიდნენ. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ვგრძნობ, რომ ეს ჩემი უპირატესობაა – იცურო უწყლოდ ადვილი არ არის. მე კი დღემდე ვახერხებ ამას და ჩემი წარმოსახვის მრავალფეროვნებაც ხსენებული აუზიდან იღებს სათავეს. ალბათ ამის გამოა, ჩემთვის ზღვა საცქერლად უფრო მიმზიდველი რომ არის, ვიდრე საცურაოდ. მე ხომ ცურვაზე და მის ტექნიკაზე სხვებისაგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს.

ცურვაში დაოსტატების შემდეგ, კალათბურთმა მიმიზიდა. ეს სპორტი ჩემი ბავშვობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სიმაღლე ხელს უფრო მიწყობდა, ვიდრე პირიქით. ამიტომ გადავწყვიტე, ბედი კალათბურთშიც მეცადა. ტრენერი უცნაური კაცი იყო. მაღალი, თეთრთმიანი ბიძა, რომელსაც თუ მიუახლოვდებოდი, არყის სუნი გცემდა. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ის არ სვამდა და, რომ, ზოგადად, სმა ცუდი საქციელი იყო. მხოლოდ ვარჯიში და დისციპლინა გვიხსნის ეროვნული გამოთაყვანებისგანო, – ამბობდა.

სამ თვეში კარგი შედეგი მქონდა. სპორტშიც მაქსიმალიზმი მიზიდავდა და სამქულიანებს ოსტატურად ვისვროდი. ჩვენი სპორტდარბაზი ორსართულიანი იყო, გასახდელში მუდმივად ოფლის სუნი იდგა. თუ კარგი ყნოსვა გქონდა, თაობის ენერგიას სუნითაც იგრძნობდი. გუნდელებთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა – ჩვეულებრივი, ქუჩიდან მოსული ბიჭები იყვნენ; ზოგი ლომკას აგდებდა, ზოგსაც ამერიკა და მისი კარიერა ერთად ესიზმრებოდა.

ერთადერთი ვიყავი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ სპორტი მისი გზა არ იყო, უბრალოდ მან უწყლოდ ცურვა ისწავლა და ცდილობდა, კალათბურთიც ცურვის ნაწილად ექცია.

საზაფხულო არდადეგები სპორტისგან დასვენებასაც გულისხმობდა. აგვისტოს ბოლო იდგა. ზღვიდან ახალდაბრუნებულმა ქალაქში სეირნობის დროს გეზი სპორტდარბაზისკენ ავიღე. ჯიბეში სახლიდან მოპარული ხურდებით ნაყიდი კენტი მედო და დრო სიარულში გამყავდა. ორ კვირაში ვარჯიში მეწყებოდა. როცა სპორტდარბაზს მივუახლოვდი, სხვა სურათი დამხვდა. გაურკვეველი კატეგორიის ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მანქანებიც იქვე გაეჩერებინათ, ძირითადად შავები ეცვათ. გადაღლილი და ოფლიანი სახეები ჰქონდათ და დარბაზში ჯგუფ-ჯგუფად შედიოდნენ.

„იმედია თამაშს არ აპირებენ“, – გავიფიქრე. ცნობისმოყვარეობამ გადამაწყვეტინა შევყოლოდი. თავიდან ყველამ გაკვირვებით შემომხედა. არ შევიმჩნიე და ერთ-ერთ ჯგუფს შევუერთდი. დარბაზშიც სხვა სუნი დამხვდა – ქალების უმეტესობას იაფფასიანი სუნამოები ეპკურა.
ნეტავ მხოლოდ სუნი დამხვედროდა შეცვლილი! შუაგულში ვიწრო მაგიდები ორ მწკრივად გაეშალათ, სკამების მაგივრობას გაზეთგადაფარებული ფიცრები სწევდა, რომელზეც სხვადასხვა ზომის ტრაკები ჩაემწკრივებინათ,

არასოდეს დამავიწყდება მათი ზურგები, ჩემი ბრძოლის ველზე. ნაბიჭვრებო, მე კალათბურთელი უნდა გამოვსულიყავი! მერე რა, რომ ჩუმად სიგარეტს ვეწეოდი! სამაგიეროდ, თქვენი მიცვალებულის შავ–თეთრი ფოტოს ადგილი, (საიდანაც მოხუცი ბებო იყურებოდა) კალათბურთის ფარზე ნამდვილად არ იყო

(მით უმეტეს ორივე ფარზე).

ბევრჯერ მიფიქრია იმ სპორტდარბაზის მეპატრონეზე, რომელმაც შენობა ჯერ საკალათბურთო დარბაზად გადააკეთა, გაურკვეველი წარმომავლობის მაღალი კაცი ტრენერად დანიშნა და ზაფხულობით, დაბალ ფასში, სარიტუალო დარბაზის ფუნქციაც შეუთავსა. მაშინ პირველად მივხვდი, რომ ბიზნესს არასდროს სძინავს.

ჩემს შემთხვევაში საზაფხულო არდადეგები, ყველაფერს გამჭვირვალეს ხდიდა. ამ დროს მთელი წლის მანძილზე მიღებული შთაბეჭდილებების რეალურ გადაფასებას ვახდენდი. იმ ზაფხულს მივხვდი, რომ ჩემი სპორტი კონკრეტულ მოვლენებზე დაკვირვება და ანალიზი იყო. ამ თვისებაში ერთი ვინმე ძალიან მგავს. განსხვავება მხოლოდ ანალიზის ხარისხშია.

ჯერ გაზაფხულია, ზაფხულამდე კი საკმარისი დროა, სწორად ვიცხოვროთ.”