Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი დოქტორი ბოტიჩელის პრემიით დაჯილდოვდა

boticheli5ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ვლადიმერ ასათიანი სანდრო ბოტიჩელის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა.

სანდრო ბოტიჩელის დაბადების დღეს იტალიის სოციალურ-კულტურულ გამოცემათა ასოციაციამ ძმებ სალვატორე და ფრანჩესკო სავერიო რუსოების ფონდთან ერთად ვლადიმერ ასათიანს მიანიჭეს სანდრო ბოტიჩელის საერთაშორისო პრემია ორიგინალური სტილისტური ძიებებისთვის. ინფორმაცია პრემიის შესახებ გამოქვეყნდა ჟურნალ „ეფეტო არტეში“ და მის დამატება კატალოგში, რომელიც ჟურნალისა და ასოციაციის ეგიდით გამოვიდა.

გასულ წელს კი ვლადიმერ ასათიანი დაჯილდოვდა პრემიო დე მარჩით გამოფენისთვის „რეალობის ილუზია“. გამოფენა შარშან ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა გალერეა დე მარჩში, რომელიც იტალიის ქალაქ ბოლონიაში მდებარეობს. ექსპოზიციის ორგანიზატორი იყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „ტრევიზან ინტერნეიშენალ არტი“.

ფერწერული ტილოები სერიიდან „სან ფისის“ (მზის ნაჭრები) დაიბეჭდა გამოფენის კატალოგში. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასამდე მხატვარმა მთელი მსოფლიოდან. რამდენიმე პრემირებული მხატვრის თითო ტილო გამოქვეყნდა „არტ ჟურნალში“.

19 მაისს ვლადიმერ ასათიანს კიდევ ერთ პრიზს მიანიჭებენ. რომში ბრამანტეს დარბაზებში ქართველ ხელოვანს გადაეცემა „რომა იმპერიალეს“ პრესტიჟული საერთაშორისო პრიზი მხატვრული ტალანტისთვის, მნიშვნელოვანი სამხატვრო კარიერისთვის, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ხელოვნებისა და კულტურის სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს.