1 მარტი, 2015

ქართული თეატრის კვლევის შედეგები ცნობილია

teatri8ილიაუნის თეატრში 4 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს კვლევის „ქართული თეატრი 2014 წელს“ პრეზენტაციას.

კვლევაში, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეოთხე წელია ახორციელებს, შეფასებულია 2014 წლის ქართული თეატრის მნიშვნელოვანი მოვლენები. კვლევა ეფუძნება საქართველოში მოქმედი 47 სახელმწიფო და კერძო თეატრის მონაცემებს. თეატრების სტატისტიკურ ანალიზთან ერთად კვლევაში წარმოდგენილია თეატრების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფების და ქორეოგრაფების რეიტინგები, რომლებიც ქართულ თეატრში მოღვაწეობდნენ 2014 წელს. წელს კვლევას დაემატა 6 ახალი ნომინაცია და გაიზარდა კვლევაში მონაწილე თეატრების რიცხვი.

პრეზენტაციაზე დასახელდება წარმატებული თეატრების ხუთეულები შემდეგი კატეგორიების მიხედვით: პრემიერებით გამორჩეული თეატრები, მრავალფეროვანი რეპერტუარით გამორჩეული თეატრები, საგასტროლო მარშუტები მსოფლიო და საქართველოს რუკაზე, სარეპერტუარო წარმოდგენების რეიტინგი, დრამატურგიის რეიტინგი (თანამედროვე ქართული, უცხოური და კლასიკა), ფუნქციურად დატვირთული თეატრების რეიტინგი, სპექტაკლების რეიტნგი (სპექტაკლები, რომელიც ყველაზე მეტმა მაყურებელმა ნახა და ყველაზე მეტჯერ წარმოადგინეს წლის განმავლობაში), მაყურებლის აქტივობის რეიტინგი, თეატრების დატვირთულობის რეიტინგი, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების პროდუქტიულობის რეიტინგი.

წელს პირველად, პრეზენტაციაზე დასახელდება 2014 წლის საუკეთესო სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების ხუთეულები, რომელსაც გამოავლენს შვიდი პროფესიონალი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური. ხუთეულები 2014 წელს შექმნილი სპექტაკლების მხატვრული ხარისხის მიხედვით გამოვლინდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს მიაჩნია, რომ 2014 წლის მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენები იყო ქართული თეატრის მონაწილეობა შექსპირის ოლიმპიადაში პეკინში; გორის თეატრის ინიციატივით კომედიის ფესტივალის დაფუძნება; იმერეთის თეატრალური საზოგადოების ინიციატივით ფესტივალის “თეატრალური იმერეთი” აღდგენა; თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” წარმატებით ჩატარება; ახალი სათეატრო სივრცის “რკინის თეატრი” (ხელმძღვანელი დავით ანდღულაძე) გახსნა; მოძრაობის თეატრის ახალი შენობა გახსნა და ფოთის დრამატული თეატრის ახალი შენობის გახსნა.