9 მარტი, 2015

ოთარ კობერიძე გარდაიცვალა

otar290 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო.

საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის” მსახიობი და რეჟისორი გახდა. მას შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

“ბაში აჩუკი”, “მამულქი”, “ქალის ტვირთი”, “სხვისი შვილები”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “გენერალი და ზიზილები”, “ზღვის შვილები”, “დათა თუთაშხია”, “ანთიმოზ ივერიელი”, “ალადინის ჯადოსნური ლამპარი”, “პატარა უფლისწული” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

ნაყოფიერი მუშაობისთვის ოთარ კობერიძეს მიღებული აქვს არაერთი პრიზი და წოდება, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. ის მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატიც გახდა.

ოთარ კობერიძეს ქართულმა საზოგადოებამ დიდი სიყვარულის და მადლიერების ნიშნად კინოთეატრ “რუსთაველის” წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა. ხელოვნების სასახლის უკვდავთა თაღში კი 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსახიობის ხელის ანაბეჭდი საზეიმოდ გაიხსნა.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდები 10 და 11 მარტს მის საცხოვრებელ სახლში გაიმართება, გამოსვენება და დაკრძალვა კი 12 მარტს დიდუბის ეკლესიიდან მოხდება.