5 მარტი, 2015

კოტე მახარაძის მონოსპექტაკლი აღდგენილია

kote9მსახიობისა და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის მიერ დადგმული მონოსპექტაკლი აღდგენილია.

“თავო ჩემო, ბედი არ გიწერია” – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მსახიობმა თავის დროზე მის მიერვე დაარსებულ ერთი მსახიობის თეატრში “ვერიკო” დადგა და მასში აკაკი წერეთლის შემოქმედება გააერთიანა.

2015 წელი იუნესკომ აკაკი წერეთლის წლად გამოაცხადა და მასში პოეტის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელი გააერთიანა. იუნესკოს ინიციატივას შეუერთდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი და ამ იუბილესთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი თეატრალური პროექტი დაგეგმა.

კოტე მახარაძის მონოსპექტაკლი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში განხორციელდება მოზარდმაყურებელთა თეატრის და ერთი მსახიობის თეატრის “ვერიკო” თანამშრომლობით და ის სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის იქნება განკუთვნილი. ამ სპექტაკლის ვიდეოჩვენება მოზარდმაყურებელთა თეატრში პირველად 15 მარტს მოეწყობა.