26 მარტი, 2015

გურამ დოჩანაშვილი იუბილარია

gufotou726 მარტს ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 76 წელი შეუსრულდა. კლასიკოსი მწერლის იუბილე ზუგდიდში სპეციალური საიუბილეო საღამოთი კულტურის ცენტრ “ოდიშის” საკონცერტო დარბაზში აღინიშნება.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის სავიზიტო ბარათია ” სამოსელი პირველი.” თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი მკითხველში გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს, მისი ნაწარმოებების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

უნივერსიტეტში სწავლისას მწერალმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. ორი წლის შემდეგ, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა – გაჩნდა მისი პირველი შვილი ქეთო და გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. მისი ვაჟი ირაკლი 22 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ეს მძიმე დღეები მწერალს სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, – ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოებია ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანი “რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება”. რომანი მწერლის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. იუბილარი წიგნზე სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა.