19 თებერვალი, 2015

რკინის თეატრი მაკედონიაში მიიწვიეს

rkinis-teatri333“რკინის თეატრმა” მიიღო მიწვევა მაკედონიის საერთაშორისო ფესტივალიდან “Faces without masks”.

როგორც თეატრისთვის გამოგზავნილ სპეციალურ წერილშია აღნიშნული, სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული 70 განაცხადიდან შერჩეულია მხოლოდ 6, მათ შორის არის დავით ანდღულაძის მიერ დადგმული სპექტაკლი “სულ სხვა ოპერა”.

სპექტაკლი თამაშდება ბრეხტის ცნობილი პიესის “სამგროშიანი ოპერის” სიუჟეტზე, თუმცა წარმოდგენაში რეჟისორს იმის წარმოჩენა სურს, რომ მსახიობებისთვის სამოქმედო სივრცე და საარსებო წყაროები შეიზღუდა და ისინი მათ გაფართოებას ცდილობენ.

წარმოდგენაში ტექსტსა და სიუჟეტს გადამწყვეტი როლი არ ენიჭება და ამიტომაც ჰქვია წარმოდგენას “სულ სხვა ოპერა”. სპექტაკლის ინსტრუმენტირება, მუსიკალური საკრავების ნაცვლად, სხვადასხვა საშუალებებით (ვოკალურად, ხმაურებით და ა.შ.) ხდება. მხოლოდ წარმოდგენის ბოლოს კურტ ვაილის ცნობილი მუსიკალური თემის ინტერპრეტაცია ორ, პრაქტიკულად დაშლილ და “გამოშიგნულ” ფორტეპიანოზე გაიჟღერებს.