17 თებერვალი, 2015

რა გახდა მაიაკოვსკის თვითმკვლელობის მიზეზი?

mayakovskiy123ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოეტის შემოქმედების მოყვარულებს დიდი ხანია აწვალებთ. ვლადიმერ მაიაკოვსკიმ 37 წლის ასაკში მოსკოვში მდებარე საკუთარ ბინაში რევოლვერით მოიკლა თავი. თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.

მაიაკოვსკის და მისი თვითმკვლელობის თემას ეძღვნება სპექტაკლი, რომელიც 21 თებერვალს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე იქნება წარმოდგენილი. ავთო ვარსიმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი დოკუმენტურ დრამაა და “მაიაკოვსკი” ეწოდება. შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით, სპექტაკლი მთელი თეატრალური სეზონის განმავლობაში სულ ორ-სამჯერ თამაშდება.

წარმოდგენაში ვლადიმირ მაიაკოვსკის როლს ივანე ქურასბედიანი ასრულებს. მასთან ერთად სპექტაკლში დაკავებული არიან ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ნანა დარჩიაშვილი, ნინო კიკაჩეიშვილი, სოფიო ლომჯარია, ნინა ნინიძე, მიხეილ არჯევანიძე, აპოლონ კუბლაშვილი და დიმიტრი სპორიშევი. მხატვარი კი მირიან შველიძეა.

სპექტაკლი იწყება და მთავრდება მაიაკოვსკის თვითმკვლელობით. რა გახდა პოეტის ამ ტრაგიკული ნაბიჯის ნამდვილი მიზეზი? მოქმედების მსვლელობისას რეჟისორი საკუთარ გამოძიებას ატარებს. თავის “ჩვენებებს” იძლევიან ის ადამიანები, რომლების მაიკოვკის გვერდით იყვნენ ლილია ბრიკი, ნიკოლოზ შენგელაია, მიხაილ ზოშჩენკო. მაყურებელს ელის სიუჟეტის მრავალი მოულოდნელი გადახვევა.

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2013 წლის 19 ივლისს, პოეტის 120 დაბადების დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეარში საერთაშორსიო პოეტური ფესტივალის “სრული ხმით” ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბია.”