10 თებერვალი, 2015

მიშა გომიაშვილს პრობლემები შეექმნა

misha345მსახიობ მიშა გომიაშვილს თავისი განცხადებების გამო, პრობლემები შეექმნა. საუბარია მის მიერ ქართული ტელევიზიების გაკრიტიკებაზე. არამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ მსახიობის განცხადებას გამოეხმაურა და მოუწოდა ყველა დამსაქმებელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიშა გომიაშვილთან ყოველგვარი თანამშრომლობა:

“კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, მიშა გომიაშვილის ჰომოფობიური ტექსტების ამბავი, როგორც მოსალოდნელი იყო, სწრაფად გავრცელდა ყვითელი მედიების მეშვეობით და თითქოს მალევე მიეცა დავიწყებას. შეგვეძლო, გომიაშვილის განცხადება უნიჭო ჰომოფობიის მორიგ გამოვლენად მიგვეჩნია, რის ნაკლებობასაც ნამდვილად არ ვუჩივით და ჩიტის გაბრდღვნა გადაგვეფიქრებინა, თუმცა, დღეს ჩვენ ასე არ მოვიქცევით.

მსახიობის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ტექსტი, ღარიბი რუსულით შეთხზული კონსპიროლოგია და პრიმიტიული შინაარსი, თავისთავად და ცხადად წარმოაჩენს ამ იდეოლოგიის უმთავრესი სპონსორის, რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტულ მიზნებს. მაგრამ, მაინც საჭიროდ მივიჩნევთ, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და თავისუფლების მტრებს პასუხი სწორედ გომიაშვილის მაგალითზე გავცეთ, რადგან სწორედ მისთანები ხდებიან რუსეთის მიერ გავრცელებული სიძულვილის ბრმად გამავრცელებლები.

მეზობელ ქვეყნებში რუსეთის ხელისუფლება სიძულვილის პროპაგანდის ექპორტს აწარმოებს. რუსეთის მიზანი ჰომოსექსუალობის “გარყვნილებასთან” გაიგივება და ამ გარყვნილების ექსპორტიორად დასავლეთის წარმოჩენაა. რუსული პროპაგანდისტული მანქანა საქართველოშიც წარმატებულად ამუშავდა იმ ცნობილი ფაქტის მიუხედავად, რომ ჰომოსექსუალობა ძუძუმწოვართა ათასობით სახეობაში, მათ შორის, ადამიანში, ოდითგანვეა გავრცელებული. ჰომოქსუალობა რომელიმე ერთი ცივილიზაციიაში არ დაბადებულა. ის გვხვდება ყველგან და ყოველთვის. ჰომოსექსუალობა არსებობს ადამიანის გაჩენის დღიდან. შეუძლებელია მისი ექსპორტი და იმპორტი.

ასევე, შეუძლებელია სექსუალური ორიენტაციის ცვლილება, მისი თავს მოხვევა ან პროპაგანდა. ჰომოქსუალი ან ხარ, ან არა. ჰომოსექსუალობას ვერც შეიძენ და ვერც დაკარგავ. სხვადახვა შეფასებით, ჰომოსექსუალთა ხვედრითი წილი ყველა ადამიანთა ყველა საზოგადოებაში 5-10 პროცენტს შორის მერყეობს.

სამაგიეროდ, რისი ექსპორტიც შესაძლებელია, ეს ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ სიძულვილია. ადვილია ჰომოფობიის იმპორტიც: ადამიანების მჩაგვრელი იდეოლოგიისა და კანონების გადმოღება და მოქალაქეებზე მათი თავს მოხვევა.

იკითხავთ: რაში აწყობს რუსეთს, მთელს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჰომოსექსუალებს სდიოს და მათი მოძულეები აფინანსოსო? ნუთუ “ეგღა აკლია” პუტინს, როგორც კიდევ ერთი ქართველი მსახიობი და პარლამენტარი იტყოდა, სდიოს “ახლა ნებისმიერ გომოსექსუალისტებს და პადიეზდებთან თავში რაღაც უბრაგუნოს?” აქ პასუხი მარტივია. რუსეთის ხელისუფლებას სასიცოხლოდ სჭირდება თავი იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოს ეს ქვეყანა “ტრადიციული ღირებულებების” სადარაჯოზე დგას და “გარყვნილი დასავლეთისგან” განსხვავებით, მორალურად შეურყვნელია. მორალზე საუბარი ნორმალურ ადამიანებში ღიმილს იწვევს, რადგან მორალისტები როგორც წესი, ყველაზე “გარყვნილები” არიან ხოლმე. მაგრამ უმრავლესობა მაინც ებმება ამ მახეში.

მასობრივი პროპაგანდის, ტერორისა და ექსტრემისტი ჯგუფების დიდძალი დაფინანსების წყალობით, ადამიანთა უმრავლესობაზე ეს მითი მაინც ზემოქმედებს და საკუთარი ხელით აუქმებინებს იმ უფლებებს, რომლებზეც თითოეული და ყველა ადამიანის კეთილდღეობაა დაფუძნებული. შეუძლებელია ჩაგრო რომელიმე უმცირესობა და იქ სხვა იყოს კარგად. სადაც ადამიანებს ავიწროვებენ რაიმე ნიშნით, ვერავინ იქნება დაცული. ზღაპარია დაიჯეროთ რომ თუ გეებს დაპრესავენ, ჰეტეროები დაცულები იქნებიან.

განა სერიოზულად შეიძლება რუსეთის (ან დედამიწაზე სხვა ნებისმიერი ქვეყნის) “სიწმინდეების დამცველად” წარმოჩენა, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა დღეს, აი ახლა როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, უმოწყალოდ ბომბავს აღმოსავლეთ უკრაინის საავადმყოფოებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს? შეიძლება რუსეთის ხელისუფლება ვინმეს უმტკიცებდეს რომ ჰომოსექსუალობა დასავლური ექსპორტია, როდესაც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი პორნოსაიტების ჯგუფის, PornHub-ის მომხმარებელთა კვლევის მიხედვით, რუსმა ვიზიტორებმა უფრო ხშირად მოინახულეს და მოითხოვეს ანალური პორნოს ამსახველი მასალა, ვიდრე ამერიკელებმა, კანადელებმა და სხვებმა?

რუსეთი, სადაც ალკოჰოლიზმის, პედოფიილიის, ნარკომანიის, კორუფციისა და ტრეფიკინგის ეპიდემიები მძვინვარებს, რა მორალით უნდა საუბრობდეს სხვაზე? ან საერთოდ რატომ უნდა განსჯიდეს სხვებს? მაგრამ, საქმეც სწორედ ამაშია. როდესაც საზოგადოებაზე კონტროლის შესუსტება იგრძნო, რუსეთის ხელისუფლებამ აიღო და ყველაზე დისკრიმინირებული სოციალური ჯგუფი – ლგბტ ადამიანები – ყველა სხვა ჯგუფის მტრად გამოაცხადა. ამის შემდეგ, მათ დაიწყეს “ჰომოსექსუალიზმის” გამოყენება დასავლეთის დემონიზების მიზნით.

რუსეთს განზრახული აქვს გავლენის სფეროები კვლავ დაისაკუთროს და ყოფილი საბჭოთა ქვეყნები კიდევ ერთხელ მოწყვიტოს ცივილიზაციას. ჰომოსექსუალობის დემონიზება მის იმპერიალისტურ ზრახვებს შესანიშნავად მოემსახურება. ბოლშევიკები დასავლეთს მუშების ჩაგვრაში ადანაშაულებდნენ და საბჭოთა კავშირში საყოველთაო თანასწორობას გვპირდებოდნენ. გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილად ახლა “მორალურად შეურყვნელი” მართლმადიდებლური საბჭოთა კავშირი არგუმენტი გამოიყენება. სინამდვილეში, არც კომუნისტურ საბჭოთა კავშირში იყო თანასწორობა უზრუნველყოფილი და არც მართლმადიდებლურ საბჭოთა კავშირში იქნება ყველაფერი მორალურ აჟურში.

და მაინც, რა შუაშია ამ ყველაფერთან საბრალო გომიაშვილიო, იკითხავს მავანი. გომიაშვილები და სხვა წვრილფეხობა რუსული პროპაგანდისტული მანქანის მახეშია გაბმული და თუთიყუშივით იმეორებს იმას, რისი არსიც საერთოდ არ ესმის: “არ მირჩევნია პრორუსული ვიყო ვიდრე პროპიდარასტული”? – კითხულობს კოლექტიური გომიაშვილი. ამ ერთ ფრაზაში ფაქტობრივად მოქცეულია რუსული პოლიტიკის ძირითადი ხაზი.

დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი მსოფლიოს სასარგებლოს ვერაფერს სთავაზობს: ვერც წარმატებული ეკონომიკური განვითარების მოდელს და ვერც სახელმწიფო მოწყობის ეფექტურ სისტემას. რაღა რჩება რუსეთს? რაღაცით ხომ უნდა გამოიჩინოს თავის? შიში, სტერეოტიპები და შიმშილი – აი რისი ექსპორტი შეუძლია პუტინს უხვად. ამის მეტი რა იცის კაგებეს უბეში გამოზრდილმა ჯაშუშმა, რომლისთვისაც ბავშვების გაზით გაგუდვა, ჩეჩნების მასიურად ამოხოცვა, აფხაზეთის და ოსეთის ერთიანად გადაყლაპვა და უკრაინული სოფლების აწიოკება არავითარ მორალურ დილემას არ წარმოადგენს?

შესაბამისად, გომიაშვილი შესაძლოა ვერ არის პროპაგანდისტული ხაზის გამტარებელი ნომრიანი აგენტი, მაგრამ ოკუპანტის ქსენოფობიურ რიტორიკას აყოლილი “სასარგებლო იდიოტების” როლი მშვენივრად მოირგო. გომიაშვილისნაირების განცხადებები პირდაპირ მტრობს ჩვენს ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს დღეს და ჩვენი შვილების მომავალს ხვალ.
კანონის ფაგლებში, ლგბტ თემი, იდენტობას თუ სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, გააკეთებს ყველაფერს, რათა ბატონი გომიაშვილის ეკონომიურ მდგომარეობაზე კაცთმოძულე განცხადებები იმაზე გაცილებით ადრე აისახოს, ვიდრე მას ეს წარმოუდგენია.

დაე ნუ იქნებიან ქართულ თეატრში დარწმუნებულნი, რომ დასავლურ თეატრალურ სამყაროში საშუალოზე დაბალი ხარისხის მსახიობები კვლავ მოთხოვნადია, მაგრამ თუ ამგვარი შანსი ბატონი ჰომოფობის კარიერაში კვლავ არსებობდა, უდავოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.

მოვუწოდებთ ყველა დამსაქმებელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ბატონ გომიაშვილთან ყოველგვარი თანამშრომლობა იქამდე, სანამ ის არ გააცნობიერებს ადამიანთა და უპირველესად, საკუთარი ლგბტ კოლეგების წინააღმდეგ გადმონთხეული სიძულვილის მავნებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მისი ნებისმიერ დამსაქმებელისთვის ამიერიდან შეუძლებელი გახდეს ჰომოფობი დასის წევრებთან ერთად “გარყვნილ დასავლეთში” გასტროლებით ტკბობა. ამიერიდან, ბატონ გომიაშვილსაც შეეძლება მსხვერპლად წარმოაჩინოს თავი“.

მიშა გომიაშვილის პოზიცია არ გაიზიარა ლაშა ოქრუაშვილმაც. მან მსახიობს მისწერა, რომ მას აზროვნებიც პრობლემა აქვს:

“პრობლემა ლგბტში კი არ არის ბატონო მიშა, პრობლემა თქვენი აზროვნებაა. ჯერ ერთი, რომ ამ ხნის კაცს ზომბად გადაქცევის გეშინიათ, თავისთავად ცხადყოფს თქვენი აზროვნების არეალს. მეორეც, ლგბტს არც ამერიკა გახვევთ თავს და არც ევროპა, თუ არ მოგწონთ განსხვავებული ადამიანები ეგ თქვენი ნებაა, მაგრამ საჯარო სივრცეში ჰომოფობიის ნთხევა რასიზმის ექვივალენტურია. ლგბტ პირები ყოველთვის იყვნენ არიან და იქნებიან, უბრალოდ აქამდე ისინი იატაკქვეშეთში ცხოვრობდნენ დღეს კი ცდილობენ გამოვიდნენ და მიიღონ ის, რაც მათი ეკუთვნით – თავისუფლება. მინდა გითხრათ, რომ ამაში ვერც თქვენ და ვერც თქვენი თანამოაზრეები ხელს ვერ შეუშლით, რადგან ადამიანები მიუხედავად ყველაფრისა, კეთილშობილი არსებები ვართ და მუდმივად უკეთესობისაკენ ვისწრაფით. აქედან გამომდინარე ის პროგრესი, რომელიც თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს ასე არ მოგწონთ, შეუქცევადი პროცესია და ადრე თუ გვიან ისტორია გაგცემთ საკადრის პასუხს, ისევე, როგორც რასისტებს გასცა საკადრისი პასუხი.”

თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა მიშა გომიაშვილმა:

“თბილისში, დიდი ხნის წინაც იყვნენ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები, მოცეკვავეები, რეჟისორები, არქიტექტორები, მსახიობები,..და ასე შემდეგ. ეს ის ხალხია, ვისაც მთელი თბილისი იცნობდა და ამ ხალხის მიმართ არასოდეს არ ყოფილა უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით, ამ ხალხს პატივსაც სცემდნენ და ძალიანაც აფასებდნენ, როგორც თავიანთი საქმის პროფესიონალებს და როგორც პიროვნებებებს. ისინი არასოდეს გახვევდნენ თავს თავიანთ ორიენტაციას, ეს მათი პირადი საქმე იყო და არავინ არ ერეოდა მათ პირად ცხოვრებაში. ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც თვლიდნენ საჭიროდ და არც ქალაქისგან იყო მათ მიმართ აგრესია და გაკიცხვა.

ახლაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ მსგავსი ორიენტაციის, ზოგიერ მათგანთან მიწევს პროფესიული ურთიერთობა, თუ უბრალოდ შეხება, დიდ პატივს ვცემ ამ ხალს, არა იმიტომ რომ ისინი ჰომოსექსუალები არიან ან ლესბოსელები, არა, იმიტომ რომ ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ზოგიერთ მათგანთან ვმეგობრობ, ისინი კულტურული და ძალიან განათლებული ადამიანები არიან და მეგობრობაც ძალიან კარგი იციან…და ეს ადამიანებიც ისე ცხოვრობენ, რომ არ გაწუხებენ თავიანთი არატრადიციული ორიენტაციით…. და თქვენ წარმოიდგინეთ არც რაიმე უფლებებს ითხოვენ, ეს მათ არ ჭირდებათ, თუ გადახედავ მსოფლიო კულტურას, კინოს, მწერლობას, დრამატურგიას, მხატვრობას, ბევრი მათგანი არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი იყო. ისინი გენიოსები იყვნენ, მაგრამ მდაბიო პიდარასტებს ვერ ვიტან…და მათ პროპაგანდას….

ზოგიერთმა, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, კომენტარში დამიწერა, რომ მე თურმე პრობლემა აზროვნებაში მაქვს და მე, ამ ხნის კაცს, ზომბად გადაქცევის მეშინია და ჩემი აზროვნების ვიწრო არეალზე მიმითითებს და მამცნობს, რომ თურმე ეს ადამიანები დღეს ცდილობენ მიიღონ ის, რაც მათ ეკუთვნით-თავისუფლება.რას ეძახით თავისუფლებას? ასე ძალიან რომ ხართ შეყვარებული ამ ევროპასა და ამერიკაში. თუ ყოფილხართ ამ თქვენს შეყვარებულ ქვეყნებში ნახავდით, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი კლუბები, კაფეები და რესტორნები და ზედ დიდი ასოებით აწერია რომ ეს არის გეი კლუბი და თუ არ გაქვს სურვილი იქ არ შეხვალ,…მორჩა და გათავდა…თუ სადმე გინახავთ კაფეში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მჯდომი ოჯახი და მათ გვერდით მაგიდასთან მჯდომი ორი გეი, რომლებიც თავიანთ სასიყვარულო ვნებებს მიცემიან, ზასაობენ? დარწმუნებული ვარ რომ ვერ ნახავდით. ვერც საღამოს რესტორანში და კიდევ სხვა ბევრ ადგილზე და ვერ ნახავდით იმიტომ რომ მათ ააქვთ ამდენი შეგნება, ჩვენთან ყველაფერი გაუკუღმართებულია. რომ ბრძანებთ, უფლება და თავისუფლებაო!!!…სად არის მაშინ ჩვენი უფლებები და თავისუფლება?…რა? უვარდებით მათ სახლებში და მათ შეკრების ადგილებში და ვარბევთ? ასეთი სიცხოველის წინააღმდეგი მეც ვარ, მაგრამ როდესაც დღისით მზისით ქალაქის ცენტრში სკოლასთან დგას ორი ახალგაზრდა შეღებილი ყმაწვილი და ზასაობს. ამას რა დავარქვა? თავისუფლება? ეს რა საქციელია? რას ნიშნავს ეს? გინდა ჰომოფობი დამიძახეთ და გინდა რასისტი,….მთელი ქალაქი ათასი რჯულის ხალხით გაივსო და ქალაქის ცენტრში ბორდელები გაგვიხსნეს… და ისე იქცევიან რომ სტუმარი მგონია ჩემს ქალაქში თავი. ეს ალბათ არ გაწუხებთ…ესეც თავისუფლებაა?

ჰომოფობიაში რომ მდებთ ბრალს, ჯერ გაერკვიეთ ამ სიტყვის მნიშვნელობაში, მერე, თუ თქვენ ვერ ძალგიძთ ამოიკითხოთ აზრი ჩემი წერილიდან, სთხოვეთ ვინმეს რომ აგიხსნათ თუ რა წერია ჩემს წერილში და მერე გამომიტანეთ განაჩენი თუ რა საკადრის პასუხს გამცემს ისტორია და რა ადგილს მომიჩენს… ერთ რამეში ვარ მხოლოდ დარწმუნებული, რა ადგილიც არ უნდა მომიჩინოს ისტორიამ, თქვენ ნამდვილად იქ, ჩემს გვერდით ვერ მოხვდებით. უპრიანი ხომ არ იქნებოდა თქვენს აზროვნებაში ეძიოთ პრობლემა?

თქვენ “იდენტობა”-ს ერთი დიდი პრობლემა გაქვთ, ან კითხვა არ იცით, ან აზრის გამოტანა არ შეგიძლიათ. ასეთი დემოგოგია… ფსბ-ს აგენტი გამხადეთ, საქართველოს ეკონომიკას თურმე მე ვანგრევ, უკრაინაში ომი მე დავიწყე და თურმე სკოლის წინ ორი გეის ზასაობას თუ ვაპროტესტებ მე უნდა თეატრში და კინოში გზა გადამეკეტოს. ეხლა მე მომისმინეთ, დიდი რაზგონი აიღეთ, მერე ერთმანეთისკენ გაქანდით და ინეტარეთ.”