3 იანვარი, 2015

როდემდე გაგრძელდება საახალწლო ღონისძიებები?

3თბილისში, ევროპის მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართა. კონცერტში, თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად, ქართველი შემსრულებლები, აგრეთვე, ჯგუფები Parov Stelar და GROOVESONIX მონაწილეობდნენ. ტრადიციულად, კონცერტი გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდა.

რიყის პარკში საშობაო ბაზრობები და საბავშვო კონცერტები მიმდინარეობს. აქვეა გახსნილი ყინულის მოედანი, სადაც, საჩვენებელ გამოსვლებთან ერთად, სრიალი ყველა მსურველს შეუძლია. მიმდინარეობს სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები ჰოკეიში, კალათბურთში, პარკურსა და სპორტულ ტანვარჯიშში. რიყეზე ბავშვებს 7 იანვრის ჩათვლით, თოვლის ბაბუა უმანსპინძლებს.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ერეკლე II-ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი მიმდინარეობს. ქუჩაზე სხვადასხვა წამყვანი კომპანიის საიმიჯო ნაძვის ხეებია გამოფენილი. მათ შორის საუკეთესო ნაძვის ხე ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება. გამარჯვებულ ნაძვის ხეს ერეკლე II-ის ქუჩის სტუმრები ხმის მიცემით შეარჩევენ. გამარჯვებული 7 იანვარს დასახელდება.
საახალწლო ღონისძიებები იმართება ზოოპარკშიც. აქ წარმოდგენები 4 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ჯგუფ „ბზიკების“ კონცერტს, ჩაერთონ ანიმაციურ გასართობ პროგრამაში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თამაშებში.

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. შობას დედაქალაქში საშობაო მსვლელობა – “ალილო” გაიმართება.