Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთარ მეღვინეთუხუცესი 83 წლის გახდებოდა

16 იანვარი, 2015

otar216 იანვარი ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა. მას 83 წელი შეუსრულდებოდა.

მსახიობმა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტია დასრულების შემდეგ, სხვადასხვა თეატრებში იმუშავა. თავისი სამსახიობო ოსტატობა მან წარმოაჩინა როგორც თეატრალურ ინსტიტუტში დადგმულ სპექტაკლებში, ასევე თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში, რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თუმცა ყველაზე დიდხანს ის მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დაკავებული იყო სხვადასხვა სპექტაკლებში.

რაც შეეხება მსახიობის კინოკარიერას, მისი პირველი ფილმი იყო “ფატიმა”, სადაც ჯამბულატის როლი შეასრულა. ამ ფილმს მოყვა თანამშრომლობა სხვადასხვა ცნობილ რეჟისორებთან. “ერთი ცის ქვეშ”, “კეთილი ადამიანები”, “ვინ შეკაზმავს ცხენს”, “ვედრება”, “ტარიელ გოლუა”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “ყელსაბამი ჩემი სატრფოსათვის”, “მთვარის მოტაცება”, “მზე შემოდგომისა”, “ნატვრის ხე”, “დათა თუთაშხია”, “თეთრი ბაირაღები” – ეს ის ფილმებია, რომლებშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო.

ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ოთარ მეღვინეთუხუცესი არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მათ შორისაა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, რუსთაველის სახელმწიფო პრემია, სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია თეატრის დარგში გაწეული ღვაწლისთვის და დათა თუთაშხიას როლისთვის, რუსეთის თეატრალური სფეროსა და ბიზნეს სამყაროს პრემია “კუმირი”, რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია “თოლია”, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “განვედ ჩემგან”.

ოთარ მეღვინეთუხუცესი ორი წლის წინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისმა მეუღლემ გურანდა გაბუნიამ მსახიობის თეატრალური კოსტიუმები საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა, ხელოვანის სახელის უკვდავსაყოფად მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე მემორიალური დაფა გაიხსნა, თბილისობის დღესასწაულზე – მსახიობის სახელობის სკვერი, ოთარ მეღვინეთუხუცესის 83-ე დაბადების დღეზე კი 9 აპრილის ბაღში მისი ძეგლის გახსნა დაიგეგმა.