30 იანვარი, 2015

ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალებიდან ორი წელი შესრულდა

nodar-andguladze45ქართველი საოპერო მომღერლის, დრამატული ტენორის ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალებიდან ორი წელი შესრულდა.

საქართველოს სახალხო არტისტი, დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე ქართულ საოპერო ხელოვნებაში არაერთი ცნობილი მომღერლის აღმზრდელია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ისწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ათეული წლების განმავლობაში ნოდარ ანდღულაძე იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად თსუ-ის კავკასიური ენების კათედრის პედაგოგი, იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს.
ნოდარ ანდღულაძის ხმა შეფასებულია როგორც ძალზე ძლიერი, ლამაზი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი და გამომსახველი. მისი შესრულებისთვის დამახასიათებელია დახვეწილი მუსიკალური ფრაზირება, არტისტიზმი, სცენური ოსტატობა.

საოპერო მომღერალი სტაჟიორად მიავლინეს მილანის საოპერო თეატრ “ლა სკალაში”. მან გასტროლები გამართა საზღვარგარეთ, რუსეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, გერმანიაში, თურქეთში, იუგოსლავიაში.

მაესტრომ ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა “ლუჩია და ლამერმური”. ის წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგად მუშაობდა, შემდეგ პროფესორად, სოლო სიმღერის კათედრის გამგედ. მისი მოწაფეები დღეს წარმატებით გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრების სცენებზე.

ნოდარ ანდღულაძე ორი წლის წინ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.