8 იანვარი, 2015

ელვის პრესლი 80 წლის გახდებოდა

elvis2როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი იგივე ელვის აარონ პრესლი 8 იანვარს 80 წლის გახდებოდა. მუსიკოსი, მომღერალი და მსახიობი დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვანია. ის გარდაცვალების შემდეგაც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.

ელვის პრესლიმ 10 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა ტუპელოში გამართულ სიმღერის კონკურსში: სკამზე შემდგარმა, მიკროფონს რომ მისწვდენოდა, იმღერა ათასობით მაყურებლის წინაშე და მიიღო მეორე პრიზი, 5 დოლარი და მთელი წლით კარუსელებზე უფასოდ სეირნობის უფლება.

ელვისს დაბადების დღეზე მშობლებმა პირველი გიტარა აჩუქეს. როცა ოჯახი ქალაქ მემფისში გადავიდა საცხოვრებლად, ტენესის შტატის უმდიდრესმა მუსიკალურმა ტრადიციებმა ელვისი მოხიბლა. ქანთრი, რითმ ენდ ბლუზი და გოსპელი აყალიბებდა მის მუსიკალურ გემოვნებას. ელვისი ორიგინალური სტილით გამოირჩეოდა, ჰქონდა გრძელი თმები და ბაკენბარდები, რასაც მისთვის ხშირად პრობლემებიც შეუქმნია. მწვრთნელმა გარიცხა ამერიკული ფეხბურთის სკოლის გუნდიდან, რადგან არ შეიჭრა თმები და ბაკენბარდები. ერთხელ სკოლაში სამმა თანასკოლელმა ძალით დაუპირა თმის შეჭრა, თუმცა ელვისმა მეგობრის დახმარებით შესძლო თავის დაცვა. სკოლაში მან კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ტალანტების კონკურსში და თანასკოლელების აღიარებაც მოიპოვა.

ელვისმა მემფისში ერთ-ერთ სტუდიაში 4 დოლარი გადაიხადა და ჩაწერა ორი სიმღერა. ფირფიტა მან დედას დაბადების დღეზე აჩუქა. ამ სტუდიის მფლობელი იყო სემ ფილიპსი, რომელმაც გზა გაუკვალა ლეგენდარულ მუსიკოსებებს ბი ბი კინგს, ჯერი ლი ლუისს, როი ორბისონს, ჯონი კეშს და კარლ პერკინსის. როცა ელვისმა სიმღერა ჩაწერა ფილიპსი სტუდიაში არ იმყოფებოდა. მეორე ჩაწერაზე ის უკვე სტუდიაში იყო. ის ეძებდა თეთრ მომღერალს შავკანიანის ხმითა და გრძნობით. პრესლი კარგი კანდიდატი იყო და ფილიპსმა გარკვეული ფიქრის შემდეგ მას დაურეკა და სტუდიაში მიიწვია. ფილიპსმა ელვისს ადგილობრივი მუსიკოსები გიტარისტი სკოტი მური და ბას–გიტარისტი ბილ ბლეიკი შეახვედრა და მათ ერთობლივად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. თანამშრომლობა დაიწყო, მომღერალმა მათთან ერთად გასტროლები დაიწყო, რასაც მოყვა ახალი შეთავაზებები და პოპულარობის ზრდა.

სასიმღერო კარიერის პარალელურად, ელვის პრესლის ცხოვრებაში სამსახიობო კარიერაც შეიჭრა. ჰოლივუდი მისთვის ბავშვობიდანვე საოცნებო სამყარო იყო. ახლა კი ის ამ სამყაროს მთავარი გმირი ხდებოდა, სადაც ყველა ვარსკვლავს დაჩრდილავდა. მისი ფილმების უკლებლივ ყველა რეჟისორი აღნიშნავდა მის უდიდეს შრომისმოყვარეობასა და ზედმიწევნით თავაზიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების შესრულების დროს ელვისის ცეკვამ და მოძრაობებმა ახალგაზრდობის აღტაცება გამოიწვია, უფროსი თაობისა და პრესისთვის ის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მათი აზრით, მომღერალი ახალგაზრდობის მორალზე უარყოფით გავლენას ახდენდა. თავად ელვისი ყოველთვის აცხადებდა, რომ ეს იყო მისი ბუნებრივი მოძრაობები და სიმღერის დროს შეჩერება არ შეეძლო. ნიუ იორკის გაზეთებმა მას უაღრესად უნიჭო და ვულგარული უწოდეს, მისი სიმღერის უნარი კი საერთოდ ეჭქვეშ დააყენეს. წინააღმდეგობების მიუხედავად, ელვის პრესლი წამყვან პოზიციებს არ თმობდა და ლიდერობას არავის უთმობდა.

როკ ენ როლის მეფე, რომელმაც 20-მდე ალბომი გამოუშვა და ათობით ფილმში მიიღო მონაწილეობა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.