Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დღეს შობაა

7 იანვარი, 2015

shoba57 იანვარს უდიდესი საუფლო დღესასწაული ქრისტეშობაა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.

როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა, გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო – ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას. რჩეულთა მცირე ნაწილი ელოდა ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელ მესიას, იუდეველთა უმრავლესობა უცდიდა მეფე-მძლეველი მხსნელის მოსვლას, რომელიც მათ უცხოტომელთა ბატონობისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.

ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როდესაც რომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა. ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუსის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში, დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეული ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო.

პატარა ქალაქი ბეთლემი იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა. როცა მარიამმა და იოსებმა მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. ბოლოს ისინი გამოქვაბულში მოთავსდნენ, სადაც იესო ქრისტე დაიბადა. ამ დროს გაიხსნა ცა, ღვთის დიდებამ განანათლა მიწა, რომელიც ღრმა წყვდიადით იყო დაფარული, ანგელოსთა დასნი გარდამოვიდნენ მაღლიდან და სიხარულით გალობდნენ, რომ ქვეყანაზე დაემკვიდრა მშვიდობა და ადამიანებს ღვთის წყალობა დაუბრუნდათ. დედა ღვთისამ პირველმა სცა ქრისტეს თაყვანი.

ბეთლემის ველზე, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და ქვაბულიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა, იდგა სვეტი, რომელიც ედერის სახელით იყო ცნობილი და რომლის სიახლოვესაც დიდი დავით მეფე მამის ფარას მწყემსავდა. ღამით, ამ დროს მწყემსები ცხვარს ედგნენ დარაჯად. მათ უფლის ანგელოსმა ახარა ქრისტეს დაბადება.

ერთმა მწყემსმა გადაწყვიტა, წასულიყო ბეთლემში და ენახა, რაც იქ მოხდა. მათ კარგად იცოდნენ ის ადგილები ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე, სადაც საქონლის ბაგები იყო და სადაც ღარიბი მგზავრები თავშესაფარს პოულობდნენ. წავიდნენ და ჰპოვეს ყოვლადწმინდა ქალწული და ბაგაში მწოლარე ყრმა და თაყვანი სცეს მას. თაყვანისსაცემად მისულებმა ყველაფერი მიიტანეს, რაც კი ებადათ, წმინდა სიყვარული, მყარი რწმენა და მხსნელის და მეუფის მხურვალე დიდება.