Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში პრემიერისთვის ემზადებიან

31 იანვარი, 2015

b25, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პრემიერისთვის ემზადებიან. „ნული საათი“ – ასე ეწოდება წარმოდგენას, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიდგმება.

სპექტაკლი ბრიტანული ინოვაციური ეკრანიზებული თეატრის ქართული ვერსიაა, რომელზეც რეჟისორი გიორგი თავაძე მუშაობს. სპექტაკლში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

„ნული საათი“ აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე, მაყურებელი დიდ ეკრანზე უყურებს ცოცხალ შესრულებას, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის.

„ფილმის ჩარჩოებში მოქცეული, საყოველთაოდ ცნობილი რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“ არაჩვეულებრივად ახდენს ცოცხალი წარმოდგენის შერწყმას წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან და ამ ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.

„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ამ პრემიერაში ჩვენ წარმოვაჩენთ კომპანიის   imitating the dog ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს და რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შეძენს. დიდ ეკრანზე უყურებენ ცოცხალ შესრულებას, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის,”- აცხადებენ ბრიტანეთის საბჭოში.

 

ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს imitating the dog კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას,“ – აღნიშნულია ბათუმის მუსიკალური ცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ნული საათის“ დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის imitating the dog-ის, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.