Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

5 იანვარს მელიტონ ბალანჩივაძე დაიბადა

5 იანვარი, 2015

meliton15 იანვარს ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე მელიტონ ბალანჩივაძე დაიბადა.

პირველ-დაწყებითი განათლება მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც მონაწილეობდა მოსწავლეთა გუნდში და ხელმძღვანელის ვლადიმერ აღნიაშვილის ყურადღებაც მიიპყრო. მალე თვითონ ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მიიღეს. გუნდის ხელმძღვანელმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა.

მელიტონ ბალანჩივაძე თბილისის ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია ფილიმონ ქორიძემ. მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში „ევგენი ონეგინსა“ და „ფაუსტში“. მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც თბილისში კონცერტიც გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა. მელიტონ ბალანჩივაძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით. ის მღეროდა ლადო აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს კიდეც ხელმძღვანელობდა მას.

კომპოზიტორმა მსმენელებს წარუდგინა თავისი სამი რომანსი „ნანა“, „შენ გეტრფი მარად“ და „ოდესაც გიცქერ“, ეს ნაწარმოებები ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშებია. მან პეტერბურგის კონსერვატორიაში ჯერ ვოკალის განხრით ისწავლა, შემდეგ კი კონსერვატორიის დირექტორის რჩევით ანტონ რუბინშტეინის რჩევით კომპოზიციის კლასში გადავიდა რიმსკი-კორსაკოვთან. რუსეთში იგი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ხელოვნებას, მართავდა ქართული მუსიკის საღამოებს, გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი. აქ დაწერა ოპერა „თამარ ცბიერის“ პირველი აქტი და მესამე აქტის ცალკეული ნაწილები, რომლებიც პირველად რუსი მსახიობების მონაწილეობით შესრულდა პეტერბურგის კეთილშობილთა საკრებულოს დარბაზში. საქართველოს გარეთ, რუსეთში დადგმულმა პირველმა ქართულმა ოპერამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

პეტერბურგში მელიტონ ბალანჩივაძემ მონაწილეობა მიიღო რუბინშტეინის ოპერა “დემონის” ქართულ ენაზე დადგმაში, დააფინანსა მიხეილ გლინკას წერილების გამოცემა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ფართოდ გაშალა მუსიკალური-საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში, იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარე, „საქართველოს სამუსიკო საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარე, მონაწილეობდა ხალხური სიმღერების გუნდების დაარსებაში, ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისის, მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას, იყო ბათუმის, ქუთაისის მუსიკის სასწავლებლის დირექტორი.

თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა მისი „თამარ ცბიერი“ პატრიოტული სულისკვეთებით, ლირიზმით გამსჭვალული ნაწარმოები. ეს ოპერა „დარეჯან ცბიერის“ სახელწოდებით მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა. კომპოზიტორის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია კანტატა „დიდება ზაჰესს“, „სტუდენტების სიმღერა“ ქალ-ვაჟთა გუნდისათვის და „ქართული ეროვნული მარში“ სიმფონიური ორკესტრისათვის.

მელიტონ ბალანჩივაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქუთაისში ბაგრატის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.